ირაკლი კობახიძე - ეუთო/ოდირის დასკვნაზე ოპოზიციისგან არაერთი ტყუილი მოვისმინეთ, ადრე ტყუილი მაინც ეხერხებოდათ, ახლა ტყუილებშიც უნიათოები არიან
მმართველი გუნდის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნის შესახებ გუშინ ოპოზიციის მხრიდან არაერთი ტყუილი მოისმინეს.
კობახიძის თქმით, აღნიშნულმა დასკვნამ ოპოზიცია რეალურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა, ვინაიდან დასკვნაში მკაფიოდ არის მითითებული, რომ სამართლიანია როგორც პროპორციული, ისე სრულად მაჟორიტარული და ასევე შერეული საარჩევნო სისტემები.
ამასთან, კობახიძის აზრით, დასკვნაში არის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო წლის განმავლობაში საარჩევნო სისტემა არ უნდა იცვლებოდეს.
„ჩვენ გუშინ მოვისმინეთ არაერთი ტყუილი ოპოზიციის მხრიდან იმ დასკვნის თაობაზე, რომელმაც ისინი რეალურად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ეს იყო არაერთი ტყუილი, რომელიც ძალიან მარტივად ავლენს საკუთარ თავს. ადრე მათ ტყუილი მაინც ეხერხებოდათ, ბოლო დროს ტყუილებშიც უნიათოები არიან, რაც რაც ძალიან კარგად ჩანს ამ გასული პერიოდის განმავლობაში.
რეალურად, დამატებით ორი მესიჯი იკვეთება ოდირის დასკვნიდან. ერთი, რომ საარჩევნო სისტემის შერჩევა სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა. მათ შორის მკაფიოდ არის მითითებული ისიც, რომ სამართლიანია, როგორც პროპორციული, ისე სრულად მაჟორიტარული და ასევე შერეული საარჩევნო სისტემები. ეს არის მკაფიო დასკვნა, რომელიც იკითხება ოდირის დოკუმენტიდან. ასევე არის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო წლის განმავლობაში, საარჩევნო სისტემა არ უნდა იცვლებოდეს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის განმარტებით, ეუთო/ოდირის დოკუმენტიდან ოპოზიციამ უნდა გამოიტანოს ძალიან მარტივი დასკვნა, რომ თანაბრად ლეგიტიმურია არა მხოლოდ მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებული 100/50-ზე სისტემა, არამედ დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა.
„აქედან ოპოზიციამ უნდა გამოიტანოს ძალიან მარტივი დასკვნა, რომ თანაბრად ლეგიტიმურია არა მხოლოდ ჩვენს მიერ შეთავაზებული 100/50-ზე სისტემა, არამედ თუნდაც ის სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს კონსტიტუციის მიხედვით, 2020 წლის არჩევნებისსთვის, ეს არის 77/73-ზე, შესაბამისად, რაც უფრო სწრაფად დათანხმდება ოპოზიცია ჩვენს შეთავზებას 100/50-თთან დაკავშირებით, მით უკეთესი იქნება მათთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნები ჩატარდება 77/73 პრინციპით, რომელიც ოდირის დასკვნის თანახმად, არის სრულად შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნაში წერია, რომ საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, ორივე პრინციპი, მაჟორიტარულიც და პროპორციულიც, ასევე მათი კომბინაციით მიღებული შერეული სისტემა არის ლეგიტიმური არჩევანი.
ამასთან, როგორც დასკვნაშია აღნიშნული, საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდაციით, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო ასპექტები არ უნდა ექვემდებარებოდეს ცვლილებას, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონმდებლობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ეროვნულ სასამართლოებზეა დამოკიდებული.