ირაკლი კობახიძე - ერთადერთი, რაც არ გავაკეთეთ უკრაინის მხარდასაჭერად, არ ჩავერთეთ ომში, რა გავაკეთოთ დამატებით, სამხედროები გავგზავნოთ, ცხინვალს დავესხათ, ოსები და აფხაზები დავხოცოთ?
ირაკლი კობახიძე - ერთადერთი, რაც არ გავაკეთეთ უკრაინის მხარდასაჭერად, არ ჩავერთეთ ომში, რა გავაკეთოთ დამატებით, სამხედროები გავგზავნოთ, ცხინვალს დავესხათ, ოსები და აფხაზები დავხოცოთ?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციისგან პრინციპულად ითხოვენ, რომ ჩამოწერონ, რა შეიძლებოდა, გაეკეთებინა საქართველოს უკრაინის მხარდასაჭერად და რა არ გააკეთა.

მისივე თქმით, ერთადერთი, რაც საქართველოს ხელისუფლებამ არ გააკეთა, არის ის, რომ ქვეყანას თავიდან აარიდა სამხედრო კონფლიქტი.

„ოპოზიციისგან პრინციპულად ვითხოვთ, ჩამოწერონ, კონკრეტულად რა უნდა გაგვეკეთებინა უკრაინის მხარდასაჭერად და რა არ გავაკეთეთ. დღემდე ამაზე პასუხი არ მიგვიღია. მივიღეთ მხოლოდ ორი აღიარებითი ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ელოდნენ საქართველოსგან ომში ჩართვას. გვარებს ჯერ არ დავასახელებ. ორმა პოლიტიკოსმა გააჟღერა ეს, თუმცა ჯერ არ ვიჩქარებ, დაველოდებით სხვა პოლიტიკოსებისა და პარტიების განცხადებებს. თუ ისინიც ზუსტად იმავეს ფიქრობენ, რომ მხოლოდ ეს დავაკელით, არ ჩავერთეთ ომში, პასუხი იქნება ნათელი. ერთადერთი, რაც არ გავაკეთეთ ჩვენ უკრაინის მხარდასაჭერად, არ ჩავერთეთ ომში და ქართველი ხალხი არ ჩავაყენეთ იმავე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც სამწუხაროდ, არის უკრაინელი ხალხი. ყველას ვთხოვ, ჩამოწეროს, რა შეიძლებოდა, გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთ. ნული არგუმენტია. რა გავაკეთოთ დამატებით, სამხედროები გავგზავნოთ, ცხინვალს დავესხათ, ოსები და აფხაზები დავხოცოთ თუ რა გავაკეთოთ. ჩვენ ვიყავით თანაავტორები, როდესაც დაინიცირდა გაერო-ს რეზოლუცია. ჰააგის საჩივარზე ვიყავით მხარდამჭერი, მოლდოვამ გასაგები მიზეზების გამო, ვერ გაბედა რაღაცები. ევროსაბჭოდან სტატუსის შეჩერებას მხარი დავუჭირეთ ეუთო-ში. სადაც კი იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება მისაღები, ყველგან ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სრული მხარდაჭერა იყო პოლიტიკური და ჰუმანიტარული კუთხით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.