ირაკლი კობახიძე - ერთ-ერთმა უცხოელმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ „ენჯეოები“ საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, შემდეგ ეს გაიმეორა ელჩმა, ხაზგასმით ვიტყვი, ეს არის სიყალბე 
ირაკლი კობახიძე - ერთ-ერთმა უცხოელმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ „ენჯეოები“ საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, შემდეგ ეს გაიმეორა ელჩმა, ხაზგასმით ვიტყვი, ეს არის სიყალბე 

ერთ-ერთ უცხოელმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ „ენჯეოები“ საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით. ეს გაიმეორა შესაბამისმა ელჩმა, შემდეგ გაიმეორეს, მათ შორის, „ენჯეოების“ წარმომადგენლებმა, აცხადებდნენ ხმაშეწყობილად. ხაზგასმით ვიტყვი, ეს არის სიყალბე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, დემოკრატიულ სახელმწიფოში, ერთადერთი, ვინც საუბრობს ხალხის სახელით, არის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება.

„რაც შეეხება ტერმინს, შევეხები მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც უკავშირდება ამ ტერმინს და ცხადყოფს, რატომ არ მოსწონთ სწორედ რევოლუციურ პროცესებში ჩართულ ორგანიზაციებს ეს ტერმინი. როცა რევოლუციური პროცესები წარიმართებოდა, მაშინაც კეთდებოდა გარედან თუ შიგნიდან განცხადებები. მაშინ ითქვა, ვციტირებ ერთ-ერთ უცხოელ მაღალჩინოსანს, არ მინდა, დავასახელო ქვეყანა და თანამდებობა, მან თქვა, რომ „ენჯეოები“ საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით. შემდეგ ეს გაიმეორა შესაბამისმა ელჩმა, შემდეგ გაიმეორეს, მათ შორის, „ენჯეოების“ წარმომადგენლებმა, აცხადებდნენ ხმაშეწყობილად, რომ „ენჯეოები“ საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, რაც არის სიყალბე, ამას ვიტყვი ხაზგასმით. ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო და დემოკრატიაში აღიარებულია, რომ ერთადერთი, ვინც საუბრობს ხალხის სახელით, არის ხელისუფლება. მარტივი ლეგიტიმაციის სისტემაა, რომ ხალხი ირჩევს პარლამენტს, პარლამენტი აყალიბებს მთავრობას და ა.შ. დემოკრატიის პრინციპის ელემენტარული გამოვლინებაა, რომ ერთადერთი, ვინც საუბრობს ქართველი ხალხის სახელით, ეს არის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება. ასეთ დროს, როცა მაღალჩინოსნები კონკრეტული გავლენიანი სივრციდან გეუბნებიან, რომ „ენჯეოები“ საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, მგონი, მნიშვნელოვანია, ყველაფერს დაერქვას საკუთარი სახელი“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ყველამ უნდა იცოდეს, რომ „ენჯეოები“ საუბრობენ არა ქართველი ხალხის სახელით, არამედ ისინი არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები.

„ეს არ ნიშნავს, რომ „ენჯეო“ მაინცდამაინც კარგ ან ცუდ ინტერესებს ატარებს, ეს უნდა გაიგოს საზოგადოებამ, როცა გახდება გამჭვირვალე ინფორმაცია, მაგრამ გავიმეორებ, ამ სიყალბეს ჩვენ შეგვიძლია, დავუპისპირდეთ, მათ შორის, ამ ტერმინით. ჩვენ გვჭირდება სწორი ფაქტის კონსტანტანცია. ცდილობდნენ, ჩვენი საზოგადოებისთვის შემოეჩეჩებინათ ხელში ყალბი თეზისი, თითქოს „ენჯეოები“ საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, რაც არის სიყალბე. სინამდვილეში რა ხდება, მგონი, უნდა ითქვას საზოგადოებითვის, მათ შორის, კანონის დონეზე, კანონმაც უნდა დაადასტუროს მარტივი ჭეშმარიტება, რომ ეს ორგანიზაციები საუბრობენ არა ქართველი ხალხის სახელით, არამედ ისინი არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები. აქ პრობლემა ნაკლებად აქვთ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან არაპოლიტიკურ მიზნებს, სოფლის მეურნეობა და ა.შ. ყველაზე მეტად, ვისაც აწუხებთ ეს ტერმინი, არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც დაკავებული არიან იმ საქმიანობით, რასაც ჰქვია ეკლესიაზე თავდასხმა, რევოლუციებში მონაწილეობა, რელიგიური ექსტრემიზმის მხარდაჭერა, ლგბტ პროპაგანდა და ა.შ. ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი. რაც შეეხება ამ ტერმინოლოგიას – უცხოელი ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, რაც არის მშრალი ფაქტის კონსტანტანცია, ვფიქრობ, ამ ტერმინის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.