ირაკლი კობახიძე - „ენჯეოების“ საქმიანობა გამჭვირვალე თუ იქნება, კონკრეტულ დონორებს გაუჭირდებათ პოლარიზაციის მიზნით ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, როგორებიც არის „სირცხვილია“, „დროა“
ირაკლი კობახიძე - „ენჯეოების“ საქმიანობა გამჭვირვალე თუ იქნება, კონკრეტულ დონორებს გაუჭირდებათ პოლარიზაციის მიზნით ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, როგორებიც არის „სირცხვილია“, „დროა“

„ენჯეოების“ საქმიანობა თუ იქნება გამჭვირვალე, ამ შემთხვევაში, კონკრეტულ დონორებს გაუჭირდებათ ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება პოლარიზაციის მიზნით, როგორებიც არის „სირცხვილია“, „დროა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კონკრეტული ორგანიზაცია, EED, რომელიც პირდაპირ ექვემდებარება ევროკავშირს, აფინანსებდა პოლარიზაციას, აფინანსებდა რეალურად პოლიტიკურ პარტია „დროას“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაპოლარიზებელი პოლიტიკური სუბიექტია ამ ქვეყანაში.

„რაც შეეხება გამჭვირვალობის კავშირს რევოლუციის პრევენციასთან, ძალიან მარტივად არის საქმე. მაგალითად, რომ ავიღოთ იმავე პარტიების კანონმდებლობა – პოლიტიკური პარტიები ვალდებული არიან, წარადგინონ დეკლარაციები ანტიკორუფციული სამსახურის წინაშე არა მარტო ყოველწლიურად, არამედ უფრო ხშირად. გამჭვირვალობის უფრო მაღალი სტანდარტი მოქმედებს პოლიტიკური პარტიებისთვის, ვიდრე გათვალისწინებულია ამ ახალი კანონით. პარტიების გამჭვირვალობის მიზანი არის, რომ არასწორი გავლენების ქვეშ არ მოექცნენ პოლიტიკური პარტიები და, შესაბამისად, არასწორი გავლენების ქვეშ არ მოექცეს პოლიტიკური სისტემა. ეს არის აპრობირებული მეთოდი მთელ მსოფლიოში, თითქმის ყველგან, პოლიტიკური პარტიების საქმიანობა, მათი ფინანსები არის გამჭვირვალე სწორედ იმისთვის, რომ არასწორი გავლენების ქვეშ არ მოექცეს ქვეყანა, დაცული იყოს სახელმწიფო სუვერენიტეტი. აქაც ზუსტად იმავესთან გვაქვს საქმე, თუ იქნება გამჭვირვალე „ენჯეოების“ საქმიანობა, ამ შემთხვევაში კონკრეტულ დონორებს გაუჭირდებათ ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება პოლარიზაციის მიზნით, როგორებიც არის „სირცხვილია“, „დროა“ და ა.შ. გეტყვით კონკრეტულ მაგალითებს, კონკრეტული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ ექვემდებარება ევროკავშირს, EED აფინანსებდა ამ ქვეყანაში პოლარიზაციას, კერძოდ, აფინანსებდა, რეალურად, პოლიტიკურ პარტია „დროას“, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მაპოლარიზებელი პოლიტიკური სუბიექტი ამ ქვეყანაში, თან აფინანსებდა არა რაღაც პროექტებისთვის, არამედ პირდაპირ პარტიის აქტივისტების ხელფასებს და ოფისების ხარჯებს იხდიდა, რაც არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა, ზოგადად კონსტიტუციური პრინციპების უხეში დარღვევა, რაც მთავარია, პოლარიზაციის პირდაპირი დაფინანსება. ამას აკეთებდა ევროკავშირი. ჩვენთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება, ევროკავშირის ფონდი იხდიდეს ფულს პოლარიზაციაში, როცა, იმავდროულად, ევროკავშირი გთხოვს დეპოლარიზაციას. ასეთი მაგალითები არაერთია. არის „სირცხვილიას“ მაგალითი. იყო შემთხვევები, როდესაც არჩევნების არალეგიტიმურად წარმოჩენის კამპანიას პირდაპირ აფინანსებდა კონკრეტული უცხოური ფონდი, ორგანიზაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.