ირაკლი კობახიძე - ელენე ხოშტარია არის სამარცხვინო ქალი, მთელი ეს მოცემულობა ეჭვებს აჩენს, რომ ის არის რეზიდენტი და აგენტი
ირაკლი კობახიძე - ელენე ხოშტარია არის სამარცხვინო ქალი, მთელი ეს მოცემულობა ეჭვებს აჩენს, რომ ის არის რეზიდენტი და აგენტი

ელენე ხოშტარია არის სამარცხვინო ქალი, მთელი ეს მოცემულობა ეჭვებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ის არის ჩვეულებრივი მართლა რეზიდენტი და აგენტი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.

„ნაცმოძრაობას“ ორმაგი სტანდარტი აქვს. გახსოვთ თქვენ, პოზნერი რომ ჩამოვიდა, 80 წელს გადაცილებული კაცი და კინაღამ გული გაუხეთქეს. სამარცხვინო იყო ის ქმედებაც, რაც მათ განახორციელეს. ხოშტარია ამბობს, რომ ყველაფერი რუსული მისთვის არის კანკალის მომგვრელი და გულის ამრევი, ამავდროულად კი რუსულ ფულს იღებს ახლა, ომის დროს და ამ რუსული ფულით ბინებს ყიდულობს. აქ ცალსახად არის ორმაგი სტანდარტი და ეს არის სამარცხვინო. ელენე ხოშტარია არის სამარცხვინო ქალი და მთელი ეს მოცემულობა ეჭვებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ის არის ჩვეულებრივი მართლა რეზიდენტი და აგენტი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ელენე ხოშტარია არის ბაკურიანის შეკრების მონაწილეთა აქციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და ამავდროულად, მას ერიცხება რუსეთიდან თანხები, მილიონობით რუბლი.

„არ არის საინტერესო, არ უნდა ჩავეძიოთ ამ ყველაფერს?! წარმოიდგინეთ, „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელს რუსეთიდან რომ ჩარიცხვოდა მილიონობით რუბლი ამ ომის პერიოდში. აი, მე რომ ჩამრიცხვოდა რაღაც და შეიძლება, მეც მყავდეს ბაბუა შემოქმედი რაღაც ჰონორარებით, ხომ? წარმოიდგინეთ, რომ მე მილიონობით რუბლი მერიცხება და არაფერს ვამბობ, ამ დროს, მეორე მხრივ, ვამტკიცებ, რომ ყველაფერ რუსულზე მაკანკალებს. კითხვები ხომ გაგიჩნდებოდათ?! ამიტომ მიჩნდება ლეგიტიმური კითხვები ელენე ხოშტარიას მიმართ, რომლის მორალთან დაკავშირებით ისედაც სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს. დამატებითი კითხვები მიჩნდება, ხომ არ აქვს მაგალითად, ამ მილიონობით რუბლს კავშირი 20 ივნისის აქციასთან. საინტერესოა. თქვენც ხომ ხედავთ, რომ ცალსახად ორმაგი სტანდარტია?! იქ აკანკალებს ყველაფერ რუსულზე და აქეთ იღებს რუსულ ფულს. ძალიან მარტივად არის ეს ყველაფერი“, – განაცხადა კობახიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ფორმით აპირებს ჩაძიებას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მას ამის რესურსი არ აქვს, მაგრამ შეიძლება, ამ ყველაფრით გამოძიებაც კი დაინტერესდეს.

„როდესაც ერთი ადამიანი, რომელიც არის სიყალბე თავისი არსით, იმიტომ, რომ გეუბნება, რომ ყველაფერი რუსული მისთვის გულის ამრევია, თან რუსულ ფულს, მილიონობით რუბლს იღებს და მეორე მხრივ, 20 ივნისის აქციის მთავარი ორგანიზატორია, არის რბილი ძალის რისკი, რაც ცნობილი პრობლემაა, არა მარტო საქართველოში, არამედ ძალიან დიდ ქვეყნებშიც კი. უნდა დაინტერესდეს ალბათ ვიღაც, მაინც და მაინც გამოძიებაზე არ მაქვს საუბარი. შეიძლება, ჟურნალისტური გამოძიება წარიმართოს იმასთან დაკავშირებით, თუ რა კავშირია ამ მილიონობით რუბლსა და 20 ივნისის აქციას შორის, რომელსაც აწყობს ელენე ხოშტარია, ან პოზნერს რომ მიუვარდა და რისკები რომ შექმნა უსაფრთხოების თვალსაზრისით, ესეც იმ მილიონობით რუბლთან ხომ არ იყო დაკავშირებული, 20 ივნისს რასაც აკეთებდა თავის დროზე, ესეც იმ მილიონობით რუბლთან ხომ არ იყო დაკავშირებული. ამით ვიღაც უნდა დაინტერესდეს. ჩემი უფლება არ არის, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ საგამოძიებო ორგანოებს მივმართო. იქნებ, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები დაინტერესდნენ, მაგრამ ჩასაძიებელი ყველა შემთხვევაში არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.