ირაკლი კობახიძე - ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით პირველ ადგილზე ვართ ევროპის მასშტაბით, ექვსმილიარდიანი არაბული ინვესტიცია კი დამატებით შეუწყობს ხელს ეკონომიკურ განვითარებას
პირველ ადგილზე ვართ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ მთლიანად ევროპის მასშტაბით და ექვსმილიარდიანი არაბული ინვესტიცია დამატებით შეუწყობს ხელს ეკონომიკურ განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, რაც შეეხება ოპოზიციის ნარატივს, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები კატასტროფად წარმოაჩინონ, არის ისეთივე „ბლეფი“, როგორიც იყო, მაგალითად, მათი გზავნილები ექვსმილიარდიან არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით.
„ოპოზიციის ნარატივი არის ზუსტად ისეთივე „ბლეფი“, როგორიც იყო, მაგალითად, მათი გზავნილები, იმავე ექვსმილიარდიან არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით. ათასი აბსურდი ითქვა ამ ინვესტიციაზე, მათ შორის ითქვა, რომ თითქოს ექვსი მილიარდი დოლარი არაბული მხრიდან არსად იყო დაფიქსირებული და ჩვენ დავაფიქსირეთ, მაშინ როდესაც ამ თემასთან დაკავშირებით პირველი ინტერვიუ ჟურნალისტებს მისცა სწორედ EMAAR ჯგუფის დამფუძნებელმა, რომელმაც პირველად ახსენა ექვსი მილიარდი დოლარი, რაც არის შეთანხმების პირობა. აქაც კი ტყუილი თქვეს. ერთ-ერთი, ვინც ეს ტყუილი თქვა, იყო BMG, „TV პირველის“ ქვედანაყოფი, რომელიც, წესით, პროფილიდან გამომდინარე, უნდა ზრუნავდეს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე, ეკონომიკური პროფილის გადაცემები აქვთ მათ, თუმცა პირიქით, ორიენტირებულები არიან იმაზე, რომ კატასტროფად წარმოაჩინონ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, პერსპექტივები და ა.შ. სინამდვილეში, ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.5 პროცენტი. ჩვენ ეს წელიც დავხურეთ ცხრაპროცენტიანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, რაც არის შარშანწინდელზე უკეთესი მაჩვენებელი, მაშინ იყო 7.8 პროცენტი. ახლა გვაქვს კიდევ უფრო გაზრდილი მაჩვენებელი. რეალურად, პირველ ადგილზე ვართ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ მთლიანად ევროპის მასშტაბით. ექვსმილიარდიანი ინვესტიცია, რა თქმა უნდა, დამატებით ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას“, – განაცხადა პრემიერმა.