ირაკლი კობახიძე – ეკონომიკური ზრდის ტემპი დაჩქარდა შარშანდელთან შედარებითაც კი, რაც იმ რეფორმების და ცვლილებების შედეგია, რომლებიც გატარდა გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში
ეკონომიკური ზრდის ტემპი დაჩქარდა შარშანდელთან შედარებითაც კი, რაც იმ რეფორმების და ცვლილებების შედეგია, რომლებიც გატარდა გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მათ შორის კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერმა უპასუხა შეკითხვას საქსტატის მონაცემებთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, 2026 წლის პირველ რვა თვეში სატრანსპორტო სექტორის რამდენიმე მიმართულებით დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი.
„ზოგადად, გვაქვს კარგი ეკონომიკური ტენდენციები, მაგრამ ასევე მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ კონკრეტულად ამ სექტორში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელეთ ყველა მიმართულებით ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ, რამაც გამოიღო თავისი შედეგები, მათ შორის კორუფციის აღმოფხვრის კუთხით გვქონდა ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგმული. მთლიანობაში, ეს ყველაფერი იწვევს სხვადასხვა სექტორში სწრაფ განვითარებას, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებას და ეს შემთხვევაც არის ამის გამოძახილი.
შარშანდელთან შედარებითაც ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდის გაზრდილი ტემპი. შარშან წელიწადი დავხურეთ 7.5%-ით, ახლა საშუალო მაჩვენებელი არის 7.9%, მაშინ როდესაც ყველა ლოგიკით წლევანდელი მაჩვენებელი შარშანდელზე ნაკლები უნდა ყოფილიყო. ზოგადად, ბაზისი როცა იზრდება, შემდეგი წლის მაჩვენებელი ლოგიკურად მცირდება ხოლმე. ასევე, რეგიონის ქვეყნებს თუ გადავხედავთ, არის შენელებული ეკონომიკური ზრდის ტემპი, ჩვენთან, პირიქით, ეკონომიკური ზრდის ტემპი დაჩქარდა შარშანდელთან შედარებითაც კი, რაც, ვფიქრობ, არის იმ რეფორმებისა და ცვლილებების შედეგი, რომლებიც გატარდა გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მათ შორის კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.