ირაკლი კობახიძე – ე.წ. ტელევიზიებმა რაც გააკეთეს, იყო თავდასხმის მცდელობა ჩვენი პარტიის დამფუძნებელზე, მნიშვნელოვანია სამართლებრივი ბერკეტის გამოყენება, რომ სიცრუეზე დაფუძნებული ტელევიზიები ვამხილოთ სიცრუეში
თავად ბერა ივანიშვილი არ არის ჩართული პოლიტიკაში. კონკრეტულმა ეგრეთ წოდებულმა ტელევიზიებმა რაც გააკეთეს, ეს იყო მორიგი თავდასხმის მცდელობა ჩვენი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეზე, — ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბერა ივანიშვილის სარჩელთან დაკავშირებით ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყოველ ჯერზე ამხილონ სიცრუეზე დაფუძნებული ტელევიზიები სიცრუეში.
„ძალიან მნიშვნელოვანია სამართლებრივი გზით წასვლა და სამართლებრივი გზით დადგენა, რომ ვრცელდება ასეთი ტიპის უხეში, არასწორი ინფორმაცია. ეს გაკეთდა ამ შემთხვევაში და ამას, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ყოველ ჯერზე მნიშვნელოვანია ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენება, რომ ჩვენ სიცრუეზე დაფუძნებული ტელევიზიები ვამხილოთ სიცრუეში“, — აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ, ბერა ივანიშვილის ადვოკატმა „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.