ირაკლი კობახიძე -  ძლიერი პარლამენტის გარეშე ძლიერი დემოკრატიის არსებობა შეუძლებელია
ირაკლი კობახიძე - ძლიერი პარლამენტის გარეშე ძლიერი დემოკრატიის არსებობა შეუძლებელია

ძლიერი პარლამენტი ნიშნავს ძლიერ დემოკრატიას და ძლიერი პარლამენტის გარეშე შეუძლებელია, ძლიერი დემოკრატიის არსებობა ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქვეყნის ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული პარლამენტის პოლიტიკური და ინსტიტუციური გაძლიერებისკენ, პარლამენტის ინსტიტუციური განვითარებისკენ და ამ პროცესში, საერთაშორისო პარტნიორების, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური სუბიექტების როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი.

„2016 წლიდან, დავისახეთ ამბიციური ამოცანა, თვისებრივად გაგვეძლიერებინა ჩვენი საკანონმდებლო ორგანო და ამისთვის დავსახეთ ძალიან კონკრეტული გეგმა. ამ გეგმის შემადგენელი ნაწილი იყო საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც 2016 წლიდან დავიწყეთ და ამ გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იყო რეგლამენტის რეფორმა. სწორედ რეგლამენტში უნდა ასახულიყო და დაკონკრეტებულიყო სიახლეები, რომელიც ზოგადი სახით კონსტიტუციის დონეზე იქნა წარმოდგენილი. პარლამენტის აქვს ორი ძირითადი ფუნქცია – ეს არის ზედამხედველობა, ეს არის კანონშემოქმედება. გვქონდა სირთულეები ორივე მიმართულებით და ჩვენი ამოცანა გახლდათ ამ ორი ფუნქციის გაძლიერება საქართველოს პარლამენტში. საკმაოდ რთული მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ 2016 წელს და ამბიციური მიზანი გახლდათ, მომდევნო მოწვევის პარლამენტისთვის ბევრად უფრო ძლიერი პარლამენტის გადაბარება. ვფიქრობთ, რომ მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად მივიწევთ წინ ამ მიზნის განხორციელებისკენ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ჯერ მხოლოდ 100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია და ახალი რეგლამენტი, თუმცა, ამ 100 დღის განმავლობაში ძალიან ხელშესახები შედეგებია.

„ეს შედეგები არის თვალსაჩინო თითოეული მოქალაქისთვის და ვფიქრობთ, ჩვენი პარტნიორებისთვის. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ასეთი აქტიური პარლამენტი, ალბათ, 90-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა. გვქონდა ძალიან აქტიური საპარლამენტო ცხოვრება გასული 10 დღის განმავლობაში და ეს არის საკანონმდებლო ცვლილების და პირველ რიგში, რეგლამენტის ცვლილების შედეგი, რომელიც განხორციელდა გასულ წელს საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დაინერგა ახალი ინსტრუმენტები, რომელიც ხელს უწყობს პარლამენტის გაძლიერებას, განსაკუთრებით, ზედამხედველობის სფეროში, მაგრამ ასევე, კანონშემოქმედების სფეროში.

„ჩვენ ყველა ერთად ვაკვირდებით იმ პროცესებს, რომელიც არის დაკავშირებული საპარლამენტო ზედამხედველობასთან. ინერგება ახალი ინსტრუმენტები, მინისტრის საათი, ინტერპელაცია და ჩვენ ვხედავთ, რომ სტატისტიკაც კი ადასტურებს იმას, თუ რამდენად გააქტიურებულია საქართველოში საპარლამენტო ცხოვრება. ჩვენ ამ დროის განმავლობაში, 16 დეკემბრის შემდეგ, გვქონდა 5 სასესიო კვირა და ამ 5 სასესიო კვირის განმავლობაში, 5 მინისტრი სტუმრობდა საქართველოს პარლამენტს, პლენარული სხდომის ფორმატში. მათ შორის, ორი მინისტრი უკვე ორჯერ ესტუმრა საქართველოს პარლამენტს. არაერთი ვიზიტი გვქონდა საპარლამენტო კომიტეტებში. ეს სტატისტიკაც მეტყველებს, რამდენად გააქტიურებულია საპარლამენტო ცხოვრება. სტატისტიკასთან ერთად, არის მნიშვნელოვანი შინაარსი – ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსიები პარლამენტსა და მინისტრებს შორის, რაც მეტყველებს იმაზე, რომ პარლამენტი თანდათანობით აუმჯობესებს საკუთარ საზედამხედველო ფუნქციებს. ასევე, აღვნიშნავ, რომ კანონშემოქმედების მიმართულებითაც აისახება უკვე პრაქტიკაში რეგლამენტის ცვლილებები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ახალი რეგლამენტი პარლამენტს აიძულებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს და მეტი დრო დაუთმოს კანონპროექტების განხილვას, რაც სათანადოდ აისახება თავად კანონშემოქმედების ხარისხზე და ესეც არის ახალი რეგლამენტის ძალიან დიდი დამსახურება.

„დავნერგეთ, ახალი ტრადიცია ჩვენი რეგლამენტის საფუძველზე – ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიში და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის წარდგენა. პირველად მოხდა ასეთი რამ საქართველოს პარლამენტში და ვფიქრობ, რომ ამ ფორმატმაც ძალიან საინტერესოც ჩაიარა საქართველოს პარლამენტში. ასევე, ახალი ფორმატით შედგა პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება საქართველოს პარლამენტში. ვფიქრობ, ახალი რეგლამენტი უზრუნველყოფს ამ პროცედურის ბევრად უფრო ეფექტიანად და სწორი ფორმით განხორციელებას. ასევე, რეგლამენტმა უზრუნველყო პარლამენტის თბილისში გადმოტანა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ჩვენთვის ეს არ იყო მხოლოდ ლოჯისტიკური საკითხი. ის, რომ დედაქალაქში იმყოფება საქართველოს პარლამენტი, მნიშვნელოვანია პარლამენტის ინსტიტუციური სიძლიერისთვის და იმისთვის, რომ პარლამენტის იდენტობა იყოს სათანადოდ წარმოჩენილი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი ახალი ინსტრუმენტი არის დანერგილი პარლამენტის რეგლამენტით.

„დეტალურად არ ჩამოვთვლი ამ ინსტრუმენტებს. დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში უკვე ძალიან აქტიურად დაინერგება ეს ინსტრუმენტები ჩვენი პარლამენტის საქმიანობის პრაქტიკაში. ეს არის, მაგალითად, კომიტეტის თემატური მომხსენებლის ინსტიტუტი, რომელიც აუცილებლად წელსვე ძალიან აქტიურად დაინერგება საპარლამენტო ცხოვრებაში. ეს არის თემატური მოკვლევა, რომელიც არის ძალიან საინტერესო პროცედურა ასახული პარლამენტის რეგლამენტში. ეს არის პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიში, რომელიც არის გათვალისწინებული ახალი კონსტიტუციით და ახალი რეგლამენტით. ჩვენ პირველად წელს მოვისმენთ ასეთ ანგარიშს პრემიერ-მინისტრის მხრიდან. არის ახალი რეგულაციები საპარლამენტო ეთიკის კუთხით, რაც ხელს შეუწყობს პარლამენტში სამუშაო პროცესის უკეთ წარმართვას. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ უკვე დაწყებულია მუშაობა პარლამენტის კვლევითი ცენტრის ჩამოყალიბებაზე და დარწმუნებული ვართ, რომ უკვე წელს ჩამოყალიბდება ეს ცენტრი, როგორც ძალიან ძლიერი ინსტიტუტი, რომელიც ხელს შეუწყობს პარლამენტის ანალიტიკური რესურსების განვითარებას. პარლამენტის წევრებს, რომლებიც იყვნენ ჩართული პარლამენტის რეგლამენტის შემუშავებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.