ირაკლი კობახიძე - დროულად მიღებულმა ზომებმა დღეს არსებული შედეგების მიღწევის საშუალება მოგვცა, თუმცა კვლავ არის მისაღები ზომები, რათა ხელიდან არ გაგვექცეს ​ვითარება
ირაკლი კობახიძე - დროულად მიღებულმა ზომებმა დღეს არსებული შედეგების მიღწევის საშუალება მოგვცა, თუმცა კვლავ არის მისაღები ზომები, რათა ხელიდან არ გაგვექცეს ​ვითარება

გახსოვთ, თავის დროზე როგორი სპეკულაციები ისმოდა კონსტიტუციის ახალ თავთან დაკავშირებით. გარდა სხვა ფაქტორებისა, სწორედ ამ ახალი რეგულაციების დამსახურებაა, რომ ჩვენ წარმატებით გავუმკლავდით პანდემიას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით შთამბეჭდავი შედეგები აქვს.

„როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანას აქვს შთამბეჭდავი შედეგები ეპიდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ამ წარმატებული ბრძოლის შედეგია, რომ დღეს გვყავს ჯამში დაახლოებით 700 ინფიცირებული, მხოლოდ 224 აქტიური შემთხვევა არის დარჩენილი და დღის განმავლობაში მხოლოდ ექვსი-რვა ახალი შემთხვევა ემატება ქვეყანას. ეს არის პირველ რიგში ჩვენი ექიმების, ეპიდემიოლოგების დამსახურება, ეს არის, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მიერ მიღებული ეფექტური ზომების დამსახურება, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების დამსახურება, რომლებიც მოთმინებით უდგებოდნენ იმ შეზღუდვებს, რომელიც იყო დაწესებული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ეს არის თავად შეზღუდვების დამსახურება, რომელიც ხელისუფლების მიერ იყო დაწესებული გასული ორი თვის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, სწორედ დროულად მიღებულმა ზომებმა, შეზღუდვებმა მისცა საქართველოს ამ შედეგების მიღწევის საშუალება.

„თუმცა, ეს არ იძლევა მოდუნების საშუალებას, კვლავაც არის მისაღები ზომები, რათა ჩვენ არ გაგვექცეს ხელიდან ის ვითარება, რომელიც დღემდე ასე სწორად მოვიტანეთ. ხაზს გავუსვამ იმას, რომ კონსტიტუციაში დავამატეთ, უფრო სწორად, გადავსინჯეთ კონსტიტუციის ის თავი, რომელიც ეხება საგანგებო და საომარ მდგომარეობას და ესეც იყო ერთ-ერთი საფუძველი, რომ ჩვენ მოვახერხეთ წარმატებით მიგვეღო ზომები პანდემიის წინააღმდეგ. თქვენ გახსოვთ, თავის დროზეც, როგორი სპეკულაციები ისმოდა ამ ახალ თავთან დაკავშირებით. სწორედ ამ ახალი რეგულაციების დამსახურებაა, გარდა სხვა ფაქტორებისა, რომ ჩვენ წარმატებით გავუმკლავდით პანდემიას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტში განსახილველ კანონთან მიმართებით ორი ძირითადი ასპექტია გამოსაყოფი. აქედან პირველი არის ადამიანის უფლებებთან შესაბამისობა.

„მე მინდა, შეგახსენოთ, რომ ნებისმიერი სამართლებრივი აქტი, კანონი და კანონქვემდებარე აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას და პირველ რიგში, კონსტიტუციის მეორე თავის დებულებებს. რა თქმა უნდა, მთავარი გარანტი ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის და იმის, რომ ჭარბად არ შეიზღუდება ადამიანის უფლებები, არის კონსტიტუციის მეორე თავი. მაგალითად, როდესაც მთავრობის მიერ ამ კანონის საფუძველზე შეიზღუდება მიმოსვლის თავისუფლება, ბუნებრივია, იმოქმედებს კონსტიტუციის მეორე თავის დებულებები, რომელიც უკავშირდება მიმოსვლის თავისუფლებას და ამ ჩარჩოს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გასცდება მთავრობა. იგივე ეხება ადამიანის ნებისმიერ სხვა ძირითად უფლებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება ასევე არის შეზღუდული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და ბუნებრივია, ესეც იქნება ერთ-ერთი სახელმძღვანელო პრინციპი.

„გარდა ამისა, ჩვენ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში ასახული გვაქვს მთელი რიგი პრინციპები. ეს არის თანაზომიერების პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი. ამაზე მინიშნებას შეიცავდა ომბუდსმენის შენიშვნები. რა თქმა უნდა, ეს პრინციპები ისედაც მოქმედებს უშუალოდ კონსტიტუციით და ესეც არის ჩვენი ახალი კონსტიტუციის ერთ-ერთი სიახლე, რომ ეს პრინციპები პირდაპირ აისახა ქვეყნის ძირითად კანონში. თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, კომიტეტმა უკვე გაიზიარა ომბუდსმენის მთავარი, პრინციპული შენიშვნები და ეს პრინციპები უკვე ასახულია კანონპროექტში ე.წ სამწვეროვანი ტესტის სახით, ანუ ყველაფერი ნათელია იმ ნაწილში, რასაც ჰქვია ადამიანის ძირითადი უფლებები. ბუნებრივია, არავინ აპირებს ამ უფლებების ჭარბად შეზღუდვას და ეს პრინციპი იქნება დაცული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილება საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლითაც შემზღუდავი ღონისძიებების გატარება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება.

დატოვე კომენტარი