ირაკლი კობახიძე - დოკუმენტში, რომელიც მოსმენების კანონზე წარმოადგინა პრეზიდენტმა, არც ერთი სამართლებრივი შენიშვნა არ არის, ვერც ოპოზიციამ წარმოადგინა შენიშვნები
ჯერ არ ვიცით, როდის განიხილავს პარლამენტი ამ კანონს; მოგეხსენებათ, დღეს მორიგი სესია დაიხურა; არ ვიცით, შედგება თუ არა რიგგარეშე სესია. ამ ვადებთან დაკავშირებით ვერ გეტყვით ვერაფერს. რაც შეეხება, თავად დოკუმენტს, რომელიც წარმოადგინა პრეზიდენტმა, იქ რეალურად არც ერთი სამართლებრივი შენიშვნა არ არის წარმოდგენილი; ანუ გრძელდება იგივე ისტორია, სამწუხაროდ, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, ოპოზიციამ პარლამენტში ვერ წარადგინა ვერც ერთი შენიშვნა. უფრო მეტიც, კანონის პროექტის მეორე მოსმენის დროს ოპოზიციის მხრიდან შეკითხვები არ ყოფილა.
„პარლამენტში ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი შენიშვნა. უფრო მეტიც, მეორე მოსმენის დროს, გამოსვლაც კი არ ჰქონიათ, კითხვაც არ დაუსვამთ. მოგეხსენებათ, რომ მეორე მოსმენა არის მთავარი ეტაპი კანონპროექტის განხილვის დროს. არც ერთი გამოსვლა არ ჰქონიათ, სიტყვაც არ უთქვამთ კანონთან დაკავშირებით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კანონპროექტი არის მთლიანად სუფთა სამართლებრივი და ყველანაირი თვალსაზრისით. ასევე, ვერც ერთმა უცხოელმა პარტნიორმა თუ ენჯეომ ვერ წარმოადგინა, ვერც ერთი სამართლებრივი შენიშვნა ამ კანონპროექტის მიმართ. იგივე გრძელდება პრეზიდენტის შემთხვევაშიც, ვეტო დაადო, თუმცა, არა აქვს არც ერთი სამართლებრივი შენიშვნა, რაც ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას გამომდინარე იქიდან, რომ სამართლებრივი შენიშვნა წარმოდგენილი არ არის. ალბათ, გადაწყვეტილებაც იქნება შესაბამისი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.