ირაკლი კობახიძე – დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთი პრეპარატის, „ვამოროლონის“ შეძენაზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა და პაციენტებისთვის იქნება სრულიად უფასო
სახელმწიფო პროგრამაში მედიკამენტ „ვამოროლონის“ დამატებით, დიუშენის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, „ჯივინოსტატთან“ ერთად, კიდევ ერთი თანამედროვე პრეპარატი გახდება ხელმისაწვდომი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პრეპარატები პაციენტებისთვის უფასო იქნება.
„დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთი პრეპარატის, „ვამოროლონი“ შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა. დარჩენილია ტექნიკური პროცედურები. გაიცვლება ხელშეკრულების ხელმოწერილი ვერსიები, რის შემდეგაც სახელმწიფო პრეპარატს შეისყიდის. სახელმწიფო პროგრამაში „ვამოროლონის“ დამატებით, „ჯივინოსტატთან“ ერთად, კიდევ ერთი თანამედროვე პრეპარატი გახდება ხელმისაწვდომი და ეს იქნება სრულიად უფასო პაციენტებისთვის. რაც შეეხება „ჯივინოსტატს“, ეს მედიკამენტი უკვე საქართველოშია და უახლოეს დღეებში დაიწყება გაცემა პაციენტებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რამდენიმე კვირის წინ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციური პრეპარატის, „ტრიკაფტას“ შეძენის თაობაზე, რომელიც ასევე, სრულიად უფასოდ იქნება პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი.
„ასევე, რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციური პრეპარატის, „ტრიკაფტას“ შეძენის თაობაზე, რომელიც ასევე, სრულიად უფასოდ იქნება პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი და მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს პაციენტების მდგომარეობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო და მადლობას ვუხდი ჯანდაცვის სამინისტროს და ჯანდაცვის მინისტრს ამ საკითხზე წარმატებით მუშაობისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.