ირაკლი კობახიძე - დღევანდელი გამოწვევები არ არის ბევრად ნაკლები, ვიდრე გვქონდა თუნდაც ყველაზე რთულ პერიოდებში, მაგრამ შეგვიძლია, მტკიცედ დავიცვათ სუვერენიტეტი, გამჭვირვალობის კანონიც ამას ემსახურება
ირაკლი კობახიძე - დღევანდელი გამოწვევები არ არის ბევრად ნაკლები, ვიდრე გვქონდა თუნდაც ყველაზე რთულ პერიოდებში, მაგრამ შეგვიძლია, მტკიცედ დავიცვათ სუვერენიტეტი, გამჭვირვალობის კანონიც ამას ემსახურება

საქართველო ყოველთვის ახერხებდა სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. დღევანდელი გამოწვევები არ არის იმაზე ბევრად ნაკლები, ვიდრე გვქონდა თუნდაც ყველაზე რთულ პერიოდებში, მაგრამ მგონია, ჩვენ შეგვიძლია, მტკიცედ დავიცვათ სუვერენიტეტი. გამჭვირვალობის შესახებ კანონიც სწორედ ამას ემსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, კობახიძემ უპასუხა საქართველოს პირველი არხის გადაცმა „გადაწყვეტილების“ წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვას: „რამდენად შესაძლებელია და ახლა არის მოცემულობა, რომ სუვერენიტეტის გაძლიერებაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, მათ შორის, ერთი კონკრეტული ეპიზოდით, კანონის შემოტანით?“

„რა თქმა უნდა, ქვეყანას აქვს უამრავი გამოწვევა და აბსოლუტურად გასაგებია ის, რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, მცირე მოსახლეობით, 3.7 მილიონით. ეკონომიკაც ჯერ კიდევ არის სუსტი. ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 8 200 დოლარია. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, გამოწვევები არის სერიოზული. მინდა, შეგახსენოთ, რომ ამ ვითარებაში ჩვენი ქვეყანა არის უკვე სამი ათასი წელია და მუდმივად იყო იმპერიების გადაკვეთაზე, გზაჯვარედინზე, თუმცა, საბოლოო ჯამში, საქართველო ყოველთვის ახერხებდა სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. დღევანდელი გამოწვევები არ არის იმაზე ბევრად ნაკლები, ვიდრე გვქონდა თუნდაც ყველაზე რთულ პერიოდებში, მაგრამ მგონია, ჩვენ შეგვიძლია, მტკიცედ დავიცვათ სუვერენიტეტი. ეს კანონიც სწორედ ამას ემსახურება. თუ სუვერენიტეტს დაკარგავ, შეუძლებელია, სათანადოდ იზრუნო შენი ეროვნული ამოცანების მიღწევაზე.

რაც შეეხება ეკონომიკას, ეკონომიკის სტრუქტურა ცალკე საკითხია. რა თქმა უნდა, აქაც არის გამოწვევები, თუმცა, მთლიანობაში, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკა იზრდება, ბოლო სამ წელიწადში ნომინალური ეკონომიკა დოლარში დაახლოებით გაორმაგდა, წელსაც ზრდის კარგი ტემპი გვაქვს, 7.8 პროცენტია ეკონომიკური ზრდა პირველი კვარტლის მონაცემებით. რა თქმა უნდა, ეკონომიკის ზრდა ხელს შეუწყობს ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებასაც. ვფიქრობ, შეგვიძლია, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე. რა თქმა უნდა, არის სერიოზული სირთულეები, გამოწვევები, მაგრამ ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცება აბსოლუტურად შესაძლებელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, გამჭვირვალობის შესახებ კანონი ბოლომდე ვერ დააზღვევს სუვერენიტეტთან დაკავშირებულ რისკებს, „თუმცა იქნება სერიოზული ფაქტორი, რომელიც საქართველოს დაეხმარება სუვერენიტეტის დაცვასა და განმტკიცებაში“.

„გამჭვირვალობის პირობებში ქართულ საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია, რა გავლენები დგას ამა თუ იმ ორგანიზაციის თანხების უკან. ზუსტად იგივე პრინციპი მოქმედებს პოლიტიკური პარტიების შემთხვევაში. იცით, რომ საქართველოში 90-იანი წლებიდან მოქმედებს პარტიების გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, რომელიც შეესატყვისება საერთაშორისო პრაქტიკას. მიზანი ზუსტად იგივეა, სუვერენიტეტის უზრუნველყოფა. როცა პოლიტიკური პარტიები ფინანსდება, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ დგას პოლიტიკური პარტიის უკან. პირველ რიგში, საუბარია შემომწირველებზე. აქედან გამომდინარე, ზუსტად იგივე მიზანი აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რა მიზანიც აქვს პოლიტიკური პარტიების გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობას. რა თქმა უნდა, არ გვაქვს ილუზია, რომ ეს ყველაფერი ასი პროცენტით დააზღვევს სუვერენიტეტთან დაკავშირებულ რისკებს, თუმცა იქნება სერიოზული ფაქტორი, რომელიც დაგვეხმარება სუვერენიტეტის დაცვასა და განმტკიცებაში“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ განმარტა, მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება ორგანიზაციების დაფინანსება და მიზნები, რა სარგებლის მომტანი იქნება ეს.

„კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია როცა ავა პოლიტიკურ სცენაზე და მოითხოვს მთავრობის გადადგომას, ყველას ეცოდინება, რომ ამ შემთხვევაში მთავრობის გადადგომას ითხოვს კონკრეტული დონორი ორგანიზაცია, რაც დააზღვევს ბევრ რამეს, მათ შორის, დონორს და ასევე, შეამცირებს ამ ორგანიზაციის ცდუნებას, ბოროტად ისარგებლოს დონორის თანხებით. ანუ, გამჭვირვალობის პირობებში, დონორის თანხებს ვეღარ გამოიყენებს რევოლუციურ პროცესებში ჩასართავად. ან რა მაგალითიც ვახსენე – სტრატეგიული ეკონომიკური პროექტის დაბლოკვა. როცა ეცოდინება საზოგადოებას, რომ ამ შემთხვევაში მოქმედებს არა არასამთავრობო ორგანიზაცია, არამედ მის უკან დგას კონკრეტული დონორი, რა თქმა უნდა, ამასაც სერიოზული დამზღვევი ეფექტი ექნება. გამჭვირვალობა სწორედ ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომ იმ პირობებში, როცა საზოგადოებას ეცოდინება, ვინ აფინანსებს ამა თუ იმ ორგანიზაციას, შესაბამის ორგანიზაციას გაუჭირდება, ჩაერთოს ისეთ აქტივობებში, რომლებიც არ შეესაბამება საზოგადოების ინტერესებს. ეს არის რევოლუციური პროცესები, არეულობის შემოტანა ქვეყანაში, ლგბტ პროპაგანდა, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმა, ნარკოტიკების პროპაგანდა, სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების დაბლოკვა. საზოგადოება როცა იქნება ინფორმირებული დაფინანსების წყაროების შესახებ, ამას ექნება სერიოზული დამზღვევი ეფექტი“, – განაცხადა კობახიძემ.