ირაკლი კობახიძე - დღეს სტაჟიანი გამყალბებლები, საქართველოში არჩევნების გაყალბების გამომგონებლები ჩვენ გვედავებიან გაყალბებას, ამას ვერ მოვითმენთ
დღეს სტაჟიანი გამყალბებლები, საქართველოში არჩევნების გაყალბების გამომგონებლები ჩვენ გვედავებიან გაყალბებას, ამას ვერ მოვითმენთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „სამართლიან არჩევნებს“ ენდობოდნენ და სწორედ ამიტომ შეხვდნენ მის ხელმძღვანელობას.
„სამართლიან არჩევნებს“ ვენდობოდით, სწორედ მაგიტომ შევხვდით მის ხელმძღვანელობას და სწორედ ამიტომ მოვუწოდეთ ხარვეზის გასწორებისკენ. საბოლოო ჯამში, ჩვენი თხოვნის საფუძველზე და ასევე საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის საფუძველზე, ეს ხარვეზი გასწორდა და ჩვენ დავინახეთ, რომ ემთხვევა ზუსტად PVT-ის მონაცემები ცესკო-ს მონაცემს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ამ ყველაფერმა დაადასტურა ის, რომ საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულა, არც ჟვანიას, არც ცესკო-ს და არც ზოგადად საარჩევნო ადმინისტრაციას საქართველოში არჩევნები არ გაუყალბებიათ. რაც შეეხება არჩევნების გაყალბებას, თქვენ გახსოვთ როგორი პრაქტიკა იყო, ჯერ 90-იან წლებშიც კი, შევარდნაძის პერიოდში, არჩევნებს აყალბებდა დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია.
გახსოვთ თქვენ, ვინ იყვნენ მათი სახეები, გოგორიშვილი, მაჭავარიანი და ა.შ. დღეს ისინი არიან წარმოდგენილი ან „ნაციონალურ მოძრაობაში“ ან „ევროპულ საქართველოში“. ამის შემდეგ, ისინი ცხრა წლის მანძილზე აყალბებდნენ არჩევნებს, 2012 წლის ჩათვლით და აქაც ვინ იყო ავტორი, ძალიან კარგად მოგეხსენებათ. საქართველოში არჩევნების სისტემური გაყალბების პრაქტიკა და ზოგადად, გაყალბების პრაქტიკა აღიკვეთა ზუსტად 2012 წლიდან და ეს არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დამსახურება. და დღეს სტაჟიანი გამყალბებლები და არჩევნების გაყალბების გამომგონებლები საქართველოში ჩვენ გვედავებიან გაყალბებას, ამას ბუნებრივია, ასე ჩვენ ვერ მოვითმენთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.