ირაკლი კობახიძე - დღეს ჩვენი გუნდი არის აბსოლუტურად სუფთა, ერთიანი და ექსცესები არ განმეორდება
ალბათ, გუნდის პასუხისმგებლობა არის, რომ რომ სოსო გოგაშვილი იყო ამ თანამდებობაზე, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალი ხედვის“ წამყვანის შეკითხვას, ვინ არის პასუხისმგებელი „ქართული ოცნებიდან“ იმაზე, რომ სოსო გოგაშვილი იყო დაკავებულ თანამდებობაზე.
„საბოლოო ჯამში, გამოვლინდა, რომ ეს ადამიანი არ იმსახურებდა იმ მაღალ პოსტს, რომელიც ეკავა და დღესაც, ყოველდღიურ რეჟიმში ამას ავლენს. მთლიანობაში, გუნდის პასუხისმგებლობა ეს არის, რა თქმა უნდა. საბოლოო ჯამში, ეს პირველი შემთხვევა არ არის, მეორე შემთხვევაა, როცა სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ტოვებს თანამდებობას, განაწყენებული მიდის პოლიტიკაში, ჩვენ ვერ გვაზიანებს, რადგან მისგან რა ინფორმაციას გამოდის, თუ რაც ჰქვია, გზავნილები, რეალურად, ხელისუფლებას ვერ აზიანებს, რადგან ეს ყველაფერი აბსოლუტურად აბსურდულია; მაგრამ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აზიანებს. როდესაც სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე რაღაცებს ლაპარაკობს, თუნდაც აბსურდულს, ეს სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია და აქ გუნდს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა. იყო ადამიანი, რომელსაც არ ეკუთვნოდა რაღაც პოზიცია და სამწუხაროდ, ეკავა“, – განაცხადა კობახიძემ.
გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, თუ ეს პასუხისმგებლობები გუნდის შიგნით მაინც არ განისაზღვრა, რა ვიცით, რომ „სოსო გოგაშვილი“ კიდევ არ მუშაობს სადღაც ისეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე, რომელიც ხვალ გამოაშკრავდება, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მათი გუნდი დღეს აბსოლუტურად სუფთაა ყველანაირი თვალსაზრისით და დარწმუნებულია, ასეთი ტიპის ექსცესები არ განმეორდება.
„სწორად ითქვა, რომ არა მარტო სუს-ის უფროსის მოადგილის დონეზე, არამედ კიდევ უფრო მაღალ დონეზეც იყო სერიოზული პრობლემები, ესეც რბილად რომ ვთქვათ. აქ ერთ რამეზე შეგვიძლია, ჩვენ ავიღოთ პასუხისმგებლობა, რომ დღეს გუნდი არის აბსოლუტურად სუფთა, ყველანაირი თვალსაზრისით, არის ერთიანი, არის სიმტკიცე და ასეთი ტიპის ექსცესები, რაც გვაქვს ერთი, მეორე და მესამე ყოფილი თანამდებობის პირის შემთხვევაში, არ განმეორდება. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. დღეს არის აბსოლუტურად განსხვავებული მოცემულობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.