ირაკლი კობახიძე – დეზინფორმაციულ კამპანიაში ჩაერთო ევროკავშირის ელჩიც, ამგვარ ფაქტებზე თუ არ ვნახავთ ქცევის ცვლილებას, როგორც ევროკავშირის ელჩის, ისე სხვა ელჩების მიმართ გვექნება დიპლომატიური რეაგირება

14:17, 29.11.2024

ჰერჩინსკი, რომელიც არჩევნების წინ ამტკიცებდა, რომ ევროკავშირში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული იყო, ახლა ამტკიცებს, რომ ეს პროცესი თურმე საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, გამუდმებული შანტაჟი ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკებების გახსნის საკითხით და ხან საბიუჯეტო დაფინანსებით, შეურაცხყოფს საზოგადოებას და აზიანებს ევროკავშირის რეპუტაციას.

„ჩვენს გუშინდელ გადაწყვეტილებას მოჰყვა დეზინფორმაციული კამპანია სიცრუის მთავარი გამავრცელებლების, რადიკალური ოპოზიციის, მასთან დაკავშირებული „ენჯეოების“ და მასთან დაკავშირებული მედიასაშუალებების მხრიდან. მათ საზოგადოებას უთხრეს ტყუილი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციულ კამპანიაში ჩაერთო ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკიც. თუმცა იმ ფონზე, რომ ევროკავშირის ელჩი არჩევნების წინ უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი გუნდის წინააღმდეგ, რაც ვენის კონვენციისა და დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა, მისი დეზინფორმაციული განცხადება ჩვენთვის ნაკლებად იყო გასაკვირი.

ჰერჩინსკი, რომელიც არჩევნების წინ ამტკიცებდა, რომ ევროკავშირში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული იყო, ახლა ამტკიცებს, რომ ეს პროცესი თურმე საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა. გარკვეული დროის განმავლობაში ჩვენ თავს ვარიდებდით ამგვარ მოვლენებზე დიპლომატიურ რეაგირებას, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ მომავალში ამგვარ ფაქტებზე, როგორც ევროკავშირის ელჩის, ისე სხვა, შესაბამისი ელჩების მიმართ რეაგირება აუცილებლად გვექნება. საუბარია დიპლომატიურ რეაგირებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვას, რა იგულისხმება დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმაში იმ შემთხვევაში, თუ ქცევის ცვლილება არ იქნება ელჩის მხრიდან, მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ პირველი დიპლომატიური რეაქცია, რაც შეიძლება, ჰქონდეს ხელისუფლებას, არის საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩის დაბარება.

„პირველ რიგში, საუბარია ასეთ ნაბიჯზე, რაც უნდა გადაიდგას, თუ ჩვენ არ ვიხილავთ ქცევის ცვლილებას. ჩვენ მაქსიმალურად ვერიდებოდით ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმას. მათ შორის, ასეთი მარტივი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმას, თუმცა არ შეწყდა დღემდე ჩვენი ქვეყნის შანტაჟი და არ შეწყდა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, რომ ევროკავშირის ელჩი პირდაპირ, უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი პარტიის წინააღმდეგ. ის აცხადებდა, რომ თუ რადიკალები, ადამიანები, რომლებიც გამოირჩეოდნენ მკვლელობით, წამებით, ბიზნესის რეკეტით, ტელევიზიების მიტაცებით, ომით და ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის დაკარგვით, თუ ეს ადამიანები არ დაბრუნდებოდნენ ხელისუფლებაში, შეჩერებული იყო ქვეყნის ევროინტეგრაცია. ამას აცხადებდა ევროკავშირის ელჩი. მაშინ, რა თქმა უნდა, თავს ვიკავებდით, თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი. თუ ჩვენ არ ვიხილავთ ქცევის ცვლილებას, რა თქმა უნდა, მოგვიწევს კონკრეტული დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი