ირაკლი კობახიძე - დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად, შეიქმნება პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი ყველა საპარლამენტო პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით
ირაკლი კობახიძე - დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად, შეიქმნება პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი ყველა საპარლამენტო პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით

დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად, საქართველოს პარლამენტის ბაზაზე შეიქმნება პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი ყველა საპარლამენტო პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, რომელიც განახორციელებს პერმანენტულ მონიტორიგნს და საზოგადოებას წარუდგენს ყოველკვირეულ ანგარიშს პოლარიზაციის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომაროებისა და ტენდენციების შესახებ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ევროკავშირმა დაადგინა 12 პუნქტი, როგორც პირობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.

„შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პუნქტების უმეტესობა არის ასოცირების დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმდა. მმართველი გუნდი უზრუნველყოფს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას სათანადო დროში და სათანადო ხარისხით შემდეგი გეგმის შესაბამისად.

პირველი პუნქტი პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება. ეს პირველი პუნქტი უნდა განვიხილოთ, როგორც ერთგვარი საფუძველი დანარჩენი 11 პუნქტის ეფექტიანად შესასრულებლად. პოლიტიკური პოლარიზაცია არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რომლის პირობებში პოლიტიკური დისკუსია ნაცვლად სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხებისა საზოგადოებისთვის მეორეხარისხოვან თემებზეა გადატანილი, რომლებსაც სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტებისთვის ვიწრო პოლიტიკური დატვირთვა აქვს. ამ მოცემულობის შესაცვლელად, მნიშვნელოვანია, შემცირდეს რადიკალური დაპირისპირება პოლიტიკურ ძალებს შორის და გამოცხადდეს ერთგვარი მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე.

ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას ამ თვალსაზრისით, ანალოგიურად, ოპოზიციამ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს იმგვარი რიტორიკისგან, რომელიც ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციის არაღიარებას გულისხმობს. იგივე ეხება მედიასაც, რომელიც ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ამ პოლარიზებულ კამპანიაში უშუალოდ არის ჩართული.

დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად, საქართველოს პარლამენტის ბაზაზე შეიქმნება პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი ყველა საპარლამენტო პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, რომელიც განახორციელებს პერმანენტულ მონიტორიგნს და საზოგადოებას წარუდგენს ყოველკვირეულ ანგარიშს პოლარიზაციის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომაროებისა და ტენდენციების შესახებ. მონიტორინგის ანგარიშში აისახება რეკომენდაციები პოლიტიკური პარტიების, მედიასაშუალეებიბს, არასამთავრობოებისა და პოლიტიკურ პროცესებში ჩართული სხვა სუბიექტების მიმართ.

მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობა და მუშაობის ფორმატი დაზუსტდება საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციის საფუძველზე. დეპოლარიზაციის კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას, მათ სამართლიან და ჯანსაღ დამოკიდებულებას მაპოლარიზებელი ქმედებების მიმართ. პირველი პუნქტის შესრულების კოორდინაციას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე“, – განაცხადა კობახიძემ.

დატოვე კომენტარი