ირაკლი კობახიძე დენდროლოგიურ პარკზე - ჯერ ერთი აგური დადონ საკუთარი ქვეყნისთვის, შეეშვან ამ ქვეყნის მტრობას და შემდეგ გაარჩიონ სხვების საქველმოქმედო პროექტები
ირაკლი კობახიძე დენდროლოგიურ პარკზე - ჯერ ერთი აგური დადონ საკუთარი ქვეყნისთვის, შეეშვან ამ ქვეყნის მტრობას და შემდეგ გაარჩიონ სხვების საქველმოქმედო პროექტები

დღესაც ეს პარკი არის გახსნილი საზოგადოებისთვის და თავიდან ბოლომდე ემსახურება საზოგადოებას. ნებისმიერ დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მოინახულოს პარკი. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის ეს პირობა ბოლომდე შესრულებულია, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბერა ივანიშვილმა დედას შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი აჩუქა.

მისივე თქმით, ტექნიკური საკითხების კამპანიისთვის გამოყენება სამარცხვინოა.

„ბიძინა ივანიშვილს აქვს 3 მილიარდი დოლარი დახარჯული ქველმოქმედებაზე, 500-ზე მეტი ეკლესია-მონასტერია აღდგენილი, უამრავი თეატრი, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ კონკრეტულ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს ეხმარებოდა წლების განმავლობაში და ასე შემდეგ. კომენტარებს ვნახულობდი, ხალხი გამოდიოდა, რომელსაც ცხოვრებაში საკუთარი ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებია. ასეთი ადამიანები გამოდიან და რაღაცებს ლაპარაკობენ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო პროექტის შესახებ. სირცხვილია ამ ადამიანების მხრიდან ასეთი რაღაცების ლაპარაკი. საქართველოში შეიქმნა უნიკალური დენდროლოგიური პარკი, რომელიც დარჩება მომავალ თაობებს და ამ პარკზე წვდომა აქვს აბსოლუტურად ყველა ადამიანს. ეს არის საქველმოქმედო პროექტი, უნიკალური დენდროლოგიური პარკის სახით“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, რაში დასჭირდა ბიძინა ივანიშვილს ამ ნაბიჯის გადადგმა, რაზეც კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი და აქ სასპეკულაციო არაფერია.

„ეს არის ტექნიკური საკითხი, აქ სასპეკულაციო არაფერია. რა მნიშვნელობა აქვს, შვილზე იქნება, მეუღლეზე თუ როგორ. უბრალოდ, არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ეს ტექნიკური საკითხი სპეკულაციებისთვის გამოიყენონ, რაც სამარცხვინოა. ადამიანები, რომლებსაც ერთი აგური არ დაუდიათ და მტრობის მეტი არაფერი გაუკეთებიათ ამ ქვეყნისთვის, გამოდიან და ამ საქველმოქმედო პროექტთან დაკავშირებით სპეკულირებას ცდილობენ, რაც, უბრალოდ, სირცხვილია. ჯერ ერთი აგური დადონ საკუთარი ქვეყნისთვის, შეეშვან ამ ქვეყნის მტრობას და ამის შემდეგ გაარჩიონ სხვების საქველმოქმედო პროექტები. კაცმა სამი მილიარდი დოლარი დახარჯა ქველმოქმედებაზე ყოველგვარი სასყიდლის გარეშე, უფასოდ აჩუქა სახელმწიფოს უამრავი პროექტი და ამაზე რომ ახერხებთ სპეკულირებას, უბრალოდ, სირცხვილია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.