ირაკლი კობახიძე - დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხის ხაზგასმა პრობლემად ვერ ჩაითვლება

დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხის ხაზგასმა პრობლემად ვერ ჩაითვლება, – განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კითხვაზე, იყო თუ არა პრემიერთან შეთანხმებული პრეზიდენტის მიერ დავით გარეჯთან დაკავშირებული განცხადებები.

„არ ვიცი, სად რა კომუნიკაცია შედგა. თუმცა, ზოგადად, მეზობელ სახელმწიფოებთან დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხი აქტუალურია. სრულად მოწესრიგებული ამ კუთხით საზღვარი მხოლოდ თურქეთთანაა.

აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ეს საკითხი ისმება. მთავარია, რომ ყველა შესაბამისი საკითხი მეგობარ ქვეყნებთან კონსულტაციების საფუძველზე გადაწყდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, აღნიშნული საკითხი სხვადასხვა ფორმატში მუდმივად იდგა დღის წესრიგში 30 წლის განმავლობაში.

„თემა ზოგადად რომ რთულია, ისიც ცხადყოფს, რომ 30 წელი ვერ მოხერხდა ამ საქმის ბოლომდე
მიყვანა. იგივეა აზერბაიჯანის შემთხვევაში. დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხის ხაზგასმა ვერ ჩაითვლება რამე პრობლემად. მთავარია, რომ ამას შემდეგ არ მოჰყვეს პროვოკაციული ნაბიჯები. ამიტომ, ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ კერძო ინიციატივებისგან და იმპროვიზაციებისგან. ეს ის საკითხია, რომელიც ორ მეგობარ ქვეყანას შორის უნდა გადაწყდეს კონსულტაციების საფუძველზე. ზურაბიშვილის განცხადებას მოჰყვა ისეთი ნაბიჯები სხვადასხვა მხრიდან, რამაც სამწუხაროდ, ვითარების გამწვავება განაპირობა და ეს მხოლოდ და მხოლოდ კონტრპროდუქტიულია.

ყველაფერი ქვეყნებს შორის ურთიერთობების დონეზე უნდა დარჩეს. ზედმეტი ვნებათაღელვა ამას ხელს არ შეუწყობს“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.