ირაკლი კობახიძე - ქართულ პოლიტიკას ჰყავს გამორჩეული ჯაყოები და თეიმურაზ ხევისთავები, ჯაყოებში თუ ჩემპიონი სააკაშვილია, თეიმურაზ ხევისთავებში ჩემპიონი არის დავით უსუფაშვილი
ირაკლი კობახიძე - ქართულ პოლიტიკას ჰყავს გამორჩეული ჯაყოები და თეიმურაზ ხევისთავები, ჯაყოებში თუ ჩემპიონი სააკაშვილია, თეიმურაზ ხევისთავებში ჩემპიონი არის დავით უსუფაშვილი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში დღევანდელი დებატების დროს დავით უსუფაშვილის გამოსვლა „გამორჩეული“ იყო.

კობახიძის თქმით, სირცხვილია, როცა უსუფაშვილი ამბობს, რომ დღევანდელი მოცემულობა არის უფრო მიუღებელი დასავლელი პარტნიორებისთვის, ვიდრე მაგალითად, 2004-2012 წლები.

„ერთ-ერთი ფრთიანი ფრაზა იყო, რომ დემოკრატიული სამყაროს ნდობის ხარისხი თურმე ჩვენ მიმართ დღეს ყველაზე დაბალია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. უსუფაშვილს თუ დავუჯერებთ, მგონი, საბჭოთა პერიოდშიც უფრო მაღალი ნდობა გვქონდა. დავით უსუფაშვილი დღევანდელობას ადარებს იმ პერიოდს, როდესაც ადამიანებს მართლა აწამებდნენ, კლავდნენ. ამ ყველაფერს ადარებს დღევანდელ მოცემულობას დავით უსუფაშვილი. უბრალოდ სირცხვილია, როცა უსუფაშვილი ამბობს, რომ დღევანდელი მოცემულობა არის უფრო მიუღებელი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ვიდრე მაგალითად, 2004-2012 წლები. ეს არის უბრალოდ სირცხვილი და უკადრებელი რამ.

დავით უსუფაშვილმა ტელევიზიებზე ისაუბრა. ეს არ არის თავდასხმა თავისუფალ მედიაზე? ეს ერთი. მეორე, შედარებები გააკეთა და „რუსთავი 2“ გაიხსენა. 2012 წელს, გახსოვთ მთელი ტერორისტული რეჟიმი, როდესაც არ იწვევდა ოპოზიციას „რუსთავი 2“ და შეადარა დღევანდელ „იმედს“. „რუსთავი 2“ „იმედს“ და „რეალტივის“ შეადარა „პოსტივი“. მაშინდელი „რუსთავი 2“ და მაშინდელი „რეალტივი“ არის სწორედ თქვენი „მთავარი“, „ფორმულა“ და „ტვ პირველი“.ზუსტად ამის გადმონაშთია ეს სამი ტელევიზია. თქვენი სამი ტელევიზია, რომელიც ყოველდღიურად ავრცელებს სიცრუეს და სიძულვილს. როცა უსუფაშვილი „იმედს“ ადარებს მაშინდელ „რუსთავი 2“-ს , რბილად რომ ვთქვათ, ეს არის ძლიან დიდი სირცხვილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ომის თემასთან დაკავშირებით უსუფაშვილის მხრიდან კიდევ ერთი აღიარებითი ჩვენება მოისმინეს.

„ომის თემა –  კიდევ ერთი აღიარებითი ჩვენება მოვისმინეთ ჩვენ იგივე უსუფაშვილის მხრიდან ომის თემასთან დაკავშირებით. „ომის პარტიას“ გვეძახიან და ეს კომპლიმენტადაც შეგვიძლია, მივიღოთო. არის აღიარებითი ჩვენება. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რა არის საბოლოო მიზანი, რაც ამოძრავებს ამ ხალხს და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ამას. შანსები გაგვიჩნდაო, ომის კონტექსტში ახსენა ბატონმა დავითმა. ნათელია, რა არის მათი რეალური განზრახვა და რეალური მიზანი. ბატონ დავითზე დიდ ხანს არ ღირს საუბარი, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, ძალიან მძიმეა, როდესაც ასეთი ადამიანები არიან დღეს საქართველოს პარლამენტში და ქართულ პოლიტიკაში. ქართულ პოლიტიკას ჰყავს გამორჩეული ჯაყოები და თეიმურაზ ხევისთავები. ჯაყოებში თუ არის ჩემპიონი მიხეილ სააკაშვილი, თეიმურაზ ხევისთავებში ჩემპიონი არის ნამდვილად დავით უსუფაშვილი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარტია „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტში დებატების ფორმატში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ იაფფასიანი პროპაგანდაა, თითქოს „ლელოს“ ქვეყანაში ომი სურს. უსუფაშვილის თქმით, დღეს, იმ სახელმწიფოებრიობის პირობებში, სადაც ვიმყოფებით, სადაც უამრავი რამ ხდება, 30 წლის შემდეგ ხელახლა დაიწყო რეგიონული და ტერიტორიული გადანაწილებები მსოფლიოში, შანსები გაჩნდა. დავით უსუფაშვილის განმარტებით: „საჭიროა, დაუყოვნებლივ დავანებოთ თავი ხან პატარკაცობებს, ხან რაღაც კაცობებს, თუ შეიძლება, სახელმწიფო კაცებად და ქალებად ორი კვირა ვიცხოვროთ“.