ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვართ, ფოთში ჩვენი კანდიდატი დიდი სხვაობით მოუგებს გიგი უგულავას, რომელიც არის გამორჩეული სახე იმ ბოროტების, რასაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია
ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვართ, ფოთში ჩვენი კანდიდატი დიდი სხვაობით მოუგებს გიგი უგულავას, რომელიც არის გამორჩეული სახე იმ ბოროტების, რასაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით დღეს შეხვედრა ჰქონდათ ფოთში.

როგორც კობახიძე ამბობს, ყველანაირი საფუძველი არსებობს, რომ ფოთში 30 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ კანდიდატმა დმაჯერებლად გაიმარჯვოს.

„შეხვედრები დავასრულეთ სამეგრელოს რეგიონში, შვიდ მუნიციპალიტეტში, სადაც ტარდება მეორე ტური. დღეს შეხვედრა გვქონდა ფოთში, პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს ვესაუბრებოდით, რამდენად უნდა ვიყოთ მობილიზებული არჩევნების მეორე ტურისთვის. 30 ოქტომბერს ჩვენ გვჭირდება დამაჯერებელი გამარჯვება, ამაში ვართ დარწმუნებული. პირველი ტურის შედეგებიც იყო სათანადო, 47% მიიღო ბექა ვაჭარაძემ, ჩვენმა კანდიდატმა, შესაბამისად ყველანაირი საფუძველი არსებობს, დამაჯერებელი, დიდი სხვაობით გამარჯვებისთვის და ეს უბრალოდ ბოლომდეა მისაყვანი. დარწმუნებული ვართ, რომ ბექა ვაჭარაძე დამაჯერებლად, დიდი სხვაობით მოუგებს გიგი უგულავას, რომელიც არის იმ ბოროტების ერთ-ერთი გამორჩეული სახე, რასაც ჰქვია „ნაცმოძრაობა“, დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში ძალიან მძიმედ დაგვამახსოვრდა.

ცხრა წლის განმავლობაში ჩვენ მოვიგეთ რვა არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ და არაერთხელ იყო ძალიან კარგი საშუალება, რომ საბოლოოდ დამთავრებულიყო ეს პოლიტიკური ძალა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, თუმცა ყოველ ჯერზე, კონკრეტული არჩევნების შემდეგ, ისინი ახერხებდნენ მაინც თავის წამოყოფას და საკუთარი ბოროტი ზრახვების რაღაც დონეზე განხორციელებას. ახლა, როდესაც ერთი, რომ არჩევნები არის მოგებული, ჩვენ დამაჯერებლად მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ე.წ რეფერენდუმი, რაც თავადვე გამოაცხადეს, მეორე, მათი ბოროტმოქმედი ბელადი, მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, ორი ფაქტორი იძლევა ძალიან კარგ საფუძველს, რომ ეს პოლიტიკური ძალა საბოლოოდ დამთავრდეს უკვე ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, სამეგრელო – ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსის მიერ თანამდებობის დატოვებასა და ყოფილი პოლიციელების დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ჩატარდა ჩვეულებრივი საპოლიციო ოპერაცია, რაზეც პასუხის გაცემა სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა.

„ეს იყო ჩვეულებრივი საპოლიციო ოპერაცია და ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია, არ მაქვს პასუხის გაცემის უფლება, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივა. ამ კითხვებთან დაკავშირებით პასუხები გაეცემა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.