ირაკლი კობახიძე - დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაზე გვაქვს კომპლექსური ხედვა, ეს მოიცავს ინფრასტრუქტურის განვითარებას ყველა მიმართულებით, ეს არის ჩქაროსნული საავტომობილო გზები, რკინიგზა, პორტები, აეროპორტები
ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებასთან დაკავშირებით გვაქვს კომპლექსური ხედვა, რომელიც, პირველ რიგში, მოიცავს ინფრასტრუქტურის განვითარებას აბსოლუტურად ყველა შესაბამისი მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს არის ჩქაროსნული საავტომობილო გზები, რკინიგზა, პორტები, აეროპორტები, ყველა მიმართულებით კომპლექსურად განვითარდება ინფრასტრუქტურა.
„მომზადების პროცესშია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი. ბუნებრივია, ამასაც სერიოზული მნიშვნელობა ენიჭება დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებისთვის. ასევე, გვქონდა მჭიდრო კონსულტაციები შესაბამის ქვეყნებთან. საქართველო შავ ზღვასთან და, შესაბამისად, ევროპასთან, დასავლეთთან აკავშირებს 7 ე.წ. ჩაკეტილ ქვეყანას, რომელსაც არ აქვს გასასვლელი ზღვაზე. ეს არის შუა აზიის ხუთი სახელმწიფო და ჩვენი მეზობელი ორი სახელმწიფო – აზერბაიჯანი და სომხეთი. ეს ქმნის ჩვენთვის პოტენციალს, რომ მაქსიმალურად გავაღრმაოთ ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, შესაბამისად, გავაძლიეროთ დაკავშირებადობის ფუნქცია და, პირველ რიგში, ინფრასტრუქტურის განვითარება და საერთაშორისო კავშირების გაფართოება არის მთავარი ინსტრუმენტი, რითიც ეს ფუნქცია მაქსიმალურად შეგვიძლია გავუძლიეროთ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.