ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები აშშ-ის კონგრესის დელეგაციას ხვდებიან
საქართველოს ეწვია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის ორპარტიული დელეგაცია, დემოკრატიული პარტნიორობის კომიტეტიდან. დელეგაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მასპინძლობს. შეხვედრას პარლამენტის ვიცე-სპიკერი და უმრავლესობის ლიდერი ესწრებიან. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მხარეები საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის, ტერიტორიული მთლიანობის საკითხებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების თემებს განიხილავენ.
„ორმხრივ შეხვედრაზე განვიხილავთ თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს, ეს არის საქართველოს ინტეგრაცია ჩრდილო-ატლანტიკურ ოჯახში, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხები, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება და სხვა მნიშვნელოვანი თემები. საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან აქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა და ეს არის იმის დამსახურება, რომ წლების განმავლობაში კონგრესსა და პარლამენტს შორის, მთავრობებს შორის, ხალხებს შორის არის მჭიდრო ურთიერთობა და მეგობრობა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ სტრატეგიულ თანამშრომლობას და მეგობრობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და კონგრესმენები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. დღის განმავლობაში დაგეგმილია კონგრესმენების შეხვედრა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც.
ოცი წევრისგან შემდგარი ორპარტიული კომიტეტი მსოფლიოს სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანასთან ეფექტური, დამოუკიდებელი და რეაგირებადი საკანონმდებლო ინსტიტუტების განვითარების ხელშესაწყობად მუშაობს. დელეგაციას უხელმძღვანელებს კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი – დევიდ პრაისი (დემოკრატი-ჩრდილოეთ კაროლინა). დელეგაციის წევრები არიან: თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ვერნ ბიუქენანი (რესპუბლიკელი-ფლორიდა), კონგრესის წევრი დინა ტიტუსი (დემოკრატი-ნევადა), კონგრესმენი მაიკლ კონევეი (რესპუბლიკელი-ტეხასი), კონგრესმენი ჯერი კონოლი (დემოკრატი-ვირჯინია), კონგრესმენი ადრიან სმიტი (რესპუბლიკელი-ნებრასკა), კონგრესის წევრი ბარბარა ლი (დემოკრატი-კალიფორნია) და კონგრესის წევრი ტერი სიუელი (დემოკრატი-ალაბამა). კონგრესის პარტნიორობა დემოკრატიისთვის პალატა და საქართველოს პარლამენტი 2006 წლიდან თანამშრომლობენ. ეს მათი მერვე ვიზიტია საქართველოში. საქართველოში კოლეგებთან შეხვედრებზე დელეგაცია განიხილავს საკანონმდებლო მეთოდებს, გამოწვევებსა და მიმდინარე საკითხებს. დელეგაცია აგრეთვე გაეცნობა იმ საკითხებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სახელმწიფოს მართვაზე უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ეროვნული თავდაცვის გათვალისწინებით.