ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა არ იქნას აღიარებული ბელარუსის მიერ, ამისთვის იდგმება ის ნაბიჯი, რისი საპირისპირო ნაბიჯებისკენაც მოგვიწოდებს ოპოზიცია
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა არ იქნას აღიარებული ბელარუსის მიერ, ამისთვის იდგმება ის ნაბიჯი, რისი საპირისპირო ნაბიჯებისკენაც მოგვიწოდებს ოპოზიცია

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა არ იქნას აღიარებული ბელარუსის სახელმწიფოს მიერ. ამისთვის იდგმება ის ნაბიჯი, რისი საპირისპირო ნაბიჯებისკენაც მოგვიწოდებს რეალურად ოპოზიცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს ისეთი „რეაგირებისკენ“, რაც მიმართული იქნება ბელარუსის მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისკენ.

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა არ იქნეს აღიარებული ბელარუსის სახელმწიფოს მიერ. ამისთვის იდგმება ის ნაბიჯი, რისი საპირისპირო ნაბიჯებისკენაც მოგვიწოდებს რეალურად ოპოზიცია. ანუ, ოპოზიცია მოგვიწოდებს ისეთი „რეაგირებისკენ“, რომლებიც მიმართული იქნება აღიარებისკენ, ჩვენ გვაქვს საპირისპირო მიზანი. ოპოზიციას აქვს მიზანი, რომ რაღაცნაირად უზრუნველყოს ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება ბელორუსის მიერ, აქეთკენ არის მიმართული მათი ყველა ინიციატივა და პროვოკაციული მოწოდებები. ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიზანი, ბელარუსმა არ აღიაროს ე.წ. დამოუკიდებლობა, ეს არის ჩვენი პოლიტიკის შინაარსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლების ინტერესია, წარმატებული არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდეს.

„ჩვენ გვაქვს წარმატებული არაღიარების პოლიტიკა. ქართული ოცნება“ როცა მოვიდა ხელისუფლებაში, ოთხ ქვეყანას ჰქონდა აღიარებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა და ეს ოთხი დარჩა ოთხად. ათი წლის მანძილზე „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ძალიან წარმატებული არაღიარების პოლიტიკა. როდესაც ჩვენ გვიწოდებდნენ პრორუსებს და ა.შ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ წარმატებულ არაღიარების პოლიტიკას ვახორციელებდით.

დღესაც ჩვენი ეროვნული ინტერესია, რომ ეს პოლიტიკა წარმატებით გაგრძელდეს და ეს ოთხი არ გახდეს ხუთი. ეს არის ჩვენი საერთო ეროვნული ინტერესი. როდესაც ოპოზიცია გამოდის ისეთი მოწოდებებით, რომლებიც მიმართულია ამ ოთხის ხუთად გახდომისკენ, ეს ნიშნავს, რომ მათ არავითარი წითელი ხაზი არ აქვთ, მათ შორის ისეთი წითელი ხაზი, რომელიც დაკავშირებული უნდა იყოს საერთო ეროვნულ ინტერესებთან. როდესაც შენ ცდილობ, რომ ხელოვნურად შეუშალო ხელი არაღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელებას, ეს ნიშნავს იმას, რომ არავითარი ეროვნული ინტერესი არ გაქვს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.