ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის მთავარია, დაფინანსება იყოს გამჭვირვალე, ბუნდოვანება თუ იქნება, უფრო თავისუფლად გაავრცელებენ დეზინფორმაციებს
ჩვენთვის მთავარია, დაფინანსება იყოს გამჭვირვალე და ქვეყანაში შემცირდება დეზინფორმაციის მოცულობა. ბუნდოვანება თუ იქნება დაფინანსებაში, მომავალში უფრო თავისუფლად გაავრცელებენ ასეთ დეზინფორმაციებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს რამდენიმე ორგანიზაციის მერ ბიძინა ივანიშვილის ქონებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე.
„იცით, რომ ეს არ არის პირველი ყალბი ინფორმაცია, რომელსაც ეს ორგანიზაციები, ასეთი ორგანიზაციები ავრცელებენ. ყველაზე საინტერესოა, რა მოტივით და ვისი დაფინანსებით აკეთებენ ამ ყველაფერს. ასეთი დეზინფორმაციები ემსახურება პოლიტიკურ მიზნებს და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, საზოგადოებას ჰქონდეს გამჭვირვალე ინფორმაცია დაფინანსების თაობაზე. რეალურად, ეს ორგანიზაციები არიან ჩვენს ქვეყანაში დეზინფორმაციის გავრცელების, პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო, აქედან გამომდინარე, შემაშფოთებელია, რომ ისინი, მათ შორის, დასავლური წყაროებიდან იღებენ დაფინანსებას. ჩვენთვის მთავარია, დაფინანსება იყოს გამჭვირვალე. გამჭვირვალე თუ იქნება, შემცირდება დეზინფორმაციის მოცულობა ქვეყანაში. ბუნდოვანება თუ იქნება დაფინანსებაში, მომავალში უფრო თავისუფლად გაავრცელებენ ასეთ დეზინფორმაციებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძეს მედიის წარმომადგენელმა მიმართა: „რამდენიმე ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში არის მტკიცებულებები, რომ ბიძინა ივანიშვილის მეუღლის სახელზე გაფორმდა რუსეთში ქონება“.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს დეზინფორმაციაა, რადგან არავითარი მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი.
„მორიგი დეზინფორმაცია, სიყალბეა, რომელიც გაავრცელა კონკრეტულმა ჯგუფმა. ეს ჯგუფები არიან პოლიტიკურად მიკერძოებული, ეს არის და ეს. შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ე.წ. ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში გამოქვეყნებული ინფორმაცია არის მტკნარი სიცრუე და სხვა არაფერი“, – აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, დღეს „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა ბიძინა ივანიშვილის შესახებ „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის“ (OCCRP) მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.