ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის შესწავლა, რამდენად თავსებადია აღქმები სასამართლოში არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობასთან, ამის შესწავლით უნდა დაკავდეს სამუშაო ჯგუფი
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის შესწავლა, რამდენად თავსებადია აღქმები სასამართლოში არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობასთან, ამის შესწავლით უნდა დაკავდეს სამუშაო ჯგუფი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის შესწავლა, რამდენად თავსებადია აღქმები სასამართლოში არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობასთან, ამის შესწავლით უნდა დაკავდეს სამუშაო ჯგუფი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი განცხადებით, მიშელის დოკუმენტის მიხედვით, საარჩევნო რეფორმა 2022 წლის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე უნდა განხორციელდეს.

„შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, საარჩევნო რეფორმა უნდა განხორციელდეს 2022 წლის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე. ამას სჭირდება შესაბამისი პროცესი. დაახლოებით იგივე ფორმატი იქნება, რაც იყო საარჩევნო რეფორმაზე. მუშაობა გაგრძელდება და ერთად უნდა შევიმუშაოთ წინადადებები. ყველაფერი დისკუსიის საფუძველზე უნდა განისაზღვროს. სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა წარიმართა ფართო ჩართულობით. ამ პროცესის საფუძველზე, ისეთი ცვლილებები შევიმუშავეთ, რომელსაც მაღალი შეფასება მისცეს ამერიკისა და ევროკავშირის საელჩოებმა. კანონმდებლობის ნაწილში არსებითად ყველაფერი არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩამოყალიბებული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კანონმდებლობაზე არ გაგრძელდება მსჯელობა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემის ფუნქციონირების პრაქტიკას ჩავხედოთ.

ხშირად საუბრობენ აღქმებზე და აღქმები უნდა იყოს დაფუძნებული ფაქტებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის ფაქტობრივი შესწავლა, თუ რა ხდება სასამართლო სისტემაში, რამდენად თავსებადია გარკვეული აღქმები არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობასთან. ამით უნდა დაკავდეს ის სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიქმნება. უნდა ჩავხედოთ, რა ხდება სასამართლო სისტემაში და აღქმებიც ამის მიხედვით უნდა ჩამოყალიბდეს. მაგალითად, კლიპებით არ შეიძლება აღქმების ჩამოყალიბება. ფილმების, კლიპების გადაღებით აღქმების ჩამოყალიბება არ არის არასწორი პრაქტიკა. ჩვენ გვინდა, რომ ეს სწორი პრაქტიკით შევცვალოთ. სწორი პრაქტიკაა ის, რომ ეს ჯგუფი მათ შორის, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შეისწავლის სისტემაში არსებულ მდგომარეობას. აღქმებიც ამის მიხედვით უნდა ჩამოყალიბდეს და არა ვიღაცების პოლიტიკური სუბიექტური ინტერესების საფუძველზე“, – განაცხადა კობახიძემ.