ირაკლი კობახიძე – ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით, დიდი იმედი მაქვს, ამ მიმართულებით პროცესები დადებითად განვითარდება
ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით. დიდი იმედი მაქვს, ამ მიმართულებით პროცესები დადებითად განვითარდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკის უმთავრესი შედეგია ქვეყანაში ხანგრძლივი მშვიდობის შენარჩუნება.
ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა, ურთულეს ვითარებაში თავიდან ავირიდოთ ომი ჩვენს ქვეყანაში, რასაც გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში წარმატებით ვახერხებდით და, დარწმუნებული ვარ, პროცესები მომავალშიც ასე განვითარდება. ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით. დიდი იმედი მაქვს, ამ მიმართულებით პროცესები დადებითად განვითარდება. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ეროვნული ოცნება. იმედი მაქვს, ეს ოცნება საბოლოოდ ახდება.
მთავარია ზოგადი პოლიტიკა და მისი შედეგები. მინდა, შეგახსენოთ, რომ ჩვენი პოლიტიკის უმთავრესი შედეგი არის ხანგრძლივი მშვიდობის შენარჩუნება ჩვენს ქვეყანაში. „ქართულ ოცნების“ ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის დროსაც ომი არ ყოფილა. წინა ხელისუფლებებმა ომის თავიდან არიდება ვერ მოახერხეს და საქართველოს ჰქონდა ოთხი სხვადასხვა ომი, სამოქალაქო ომის ჩათვლით, რამაც ქვეყანა ათწლეულობით დახია უკან. ჩვენი პოლიტიკის მთავარი მიზანია ომის თავიდან აცილება, ჩვენი მთავარი მიზანი არის მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენი თითოეული ნაბიჯი ამ მიზანს ემსახურება. გვაქვს ჩვენი პოლიტიკა, რომელსაც ძალიან მყარად მივყვებით. ეს არის რაციონალური, პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც კონკრეტული შედეგების მიღწევის საშუალებას გვაძლევს და ერთ-ერთი უმთავრესი შედეგია მშვიდობის შენარჩუნება. რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკის საბოლოო მიზანია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.