ირაკლი კობახიძე - ჩვენი შეკრების მონაწილეთა რაოდენობა იყო რამდენჯერმე მეტი, ვიდრე „ნაციონალებს“ ჰყავდათ გამოყვანილი, იძულება როცა ხდება, იქ მუხტი არ იქმნება და თქვენ ნახეთ, როგორი მუხტი იყო
ირაკლი კობახიძე - ჩვენი შეკრების მონაწილეთა რაოდენობა იყო რამდენჯერმე მეტი, ვიდრე „ნაციონალებს“ ჰყავდათ გამოყვანილი, იძულება როცა ხდება, იქ მუხტი არ იქმნება და თქვენ ნახეთ, როგორი მუხტი იყო

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუშინ თავისუფლების მოედანზე ბევრად მეტი ადამიანი შეიკრიბა, ვიდრე 14 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებულ აქციაზე.

„ადამიანების რაოდენობას რაც შეეხება, ვთქვი, რომ ამ აქციაზე, შეკრებაზე ჩვენ დაგვჭირდებოდა იმდენი მარტო მძღოლი, რამდენიც „ნაციონალებს“ ჰყავდათ გამოყვანილი საკუთარ აქციაზე და ეს არ იყო მხოლოდ სიტყვის მასალად ნათქვამი. რეალურად, ამდენი მძღოლი დაგვჭირდა ჩვენი მხარდამჭერების მობილიზებისთვის. ანუ ჩვენი შეკრების მონაწილეთა რაოდენობა იყო რამდენჯერმე მეტი. დაითვალონ საკუთარი აქციის მონაწილეთა რაოდენობა და ამის მიხედვით გადავუმრავლებ ჩვენი აქციის მონაწილეთა რაოდენობაზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ ამ ორ შეკრებას შორის რაოდენობის გარდა, სხვა განმასხვავებელ ნიშნებზეც ისაუბრა. მან შეკრებაზე მოქალაქეების იძულებით მიყვანასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ როცა აქციაზე ადამიანები ძალდატანებით მიჰყავთ, იქ მუხტი არ იქმნება.

„რაც შეეხება საჯარო მოხელეებს, ჯერ ერთი, როცა ადამიანების იძულება ხდება, იქ მუხტი არ იქმნება ხოლმე და თქვენ ნახეთ, როგორი მუხტი იყო, გახსოვთ, მათ შორის შეძახილები – საქართველოს გაუმარჯოს და თქვენს აქციაზე, როდესაც იყო ანალოგიური პათოსი, იქ ისმოდა შეძახილები თავისუფლება მიშას. იქით იდგა მიშა, თქვენი დამნაშავე ბელადი, აქეთ იდგა საქართველო, ეს არის განსხვავება ამ ორ შეკრებას შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.