ირაკლი კობახიძე - ჩვენი გზავნილები მისულია ამომრჩევლამდე, ახლა გვჭირდება იმ სიმართლის შეხსენება, რომელიც უკავშირდება „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიან მმართველობას
ირაკლი კობახიძე - ჩვენი გზავნილები მისულია ამომრჩევლამდე, ახლა გვჭირდება იმ სიმართლის შეხსენება, რომელიც უკავშირდება „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიან მმართველობას

ამომრჩეველთან მაქსიმალური ურთიერთობა, კომუნიკაცია არის მთავარი ინსტრუმენტი, რომ მაქსიმალურად ვიყოთ მობილიზებულნი არჩევნების მეორე ტურისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ მეორე ტურისთვის შესაბამისი კამპანია ექნება.

„კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ იმ სიმართლეზე, რომელიც უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას“. თქვენ გახსოვთ, რომ პირველი ტურის ფარგლებში არსებითად ჩვენ ვსაუბრობდით ქვეყბის განვითარებაზე, მუნიციპალიტეტების განვითარებაზე, ჩვენი გზავნილები მისულია ამომრჩევლამდე. ახლა ჩვენ კიდევ ერთხელ გვჭირდება იმ სიმართლის შეხსენება, რომელიც უკავშირდება „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიან მმართველობას და მათ საბოტაჟს შემდეგი ცხრა წლის განმავლობაში“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კითხვაზე, რატომ არის ბათუმის მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდება, კობახიძე აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია არის ტყუილი.

„ის იყო საჯარო მოსამსახურე თავის დროზე. ვრცელდებოდა ტყუილი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ის იყო ქარდავას მოადგილე და ა.შ. ქარდავას მოადგილეებიც და უფროსებიც მოიკითხეთ „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვისი ოპონენტიც არის დღეს არჩილ ჩიქოვანი. თქვენ წარმოადგენთ ტელევიზიებს, საუბარი მაქვს „მთავარზე“, „ტვ პირველსა“ და „ფორმულაზე“, რომელთა მფლობელებიც იყვნენ მეგის ქარდავას უფროსები და დამკვეთები და რა კითხვეს სვამთ საერთოდ, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი“, – განაცხადა კობახიძემ.