ირაკლი კობახიძე - ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უალტერნატივო, მიუხედავად იმ პოლიტიკური სიმძიმისა, რომელიც მას ჩვენთვის ჰქონდა
ირაკლი კობახიძე - ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უალტერნატივო, მიუხედავად იმ პოლიტიკური სიმძიმისა, რომელიც მას ჩვენთვის ჰქონდა

მაქსიმალურად ვეცადეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაცია მიგვეწოდებინა, თუმცა მეორე მხარეს იყო აბსოლუტურად ზედაპირული, ყალბი, მაგრამ ძლიერი მესიჯი. სამწუხაროდ, არგუმენტებით ძლიერი მესიჯი ვერ გადავწიეთ და ეს არის რეალობა, რაც შეიქმნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „კვირის მოამბეში“ განაცხადა.

„რაც შეეხება გადაწყვეტილების შეცვლას, ბუნებრივია, ამას აქვს თავისი სერიოზული პოლიტიკური სიმძიმე, თუმცა, საბოლოო ჯამში, ხელისუფლებამ, სახელმწიფომ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ბუნება, განსხვავებული იმისგან, რითიც გამოირჩეოდა წინა ხელისუფლება – ჩვენ არასოდეს ვცდილობთ გადავტეხოთ თუნდაც ის განწყობა, რაც თუნდაც ყალბ ინფორმაციას ეფუძნება. ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული ძალები უხეშად სარგებლობდნენ შექმნილი ვითარებით, მათ შორის ახალგაზრდებს, ადამიანებს რისკის წინაშე  აყენებდნენ და არ გვინდოდა, ეს პროცესი ასე გაგრძელებულიყო. ჩვენ გავუფრთხილდით ადამიანებს, მშვიდობას, სიმშვიდეს. ვფიქრობ, შეცვლის გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უალტერნატივო, მიუხედავად იმ პოლიტიკური სიმძიმისა, რომელიც მას ჩვენთვის ჰქონდა, მაგრამ ჩვენი პრინციპია – ჰუმანურობა და რაღაცებისთვის ანგარიშის გაწევა მაშინაც კი, როცა გარკვეულ აღქმებს, შეიძლება, ობიექტური საფუძველი არ ჰქონდეს“, – განაცხადა კობახიძემ.