ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვერ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს, ეს შეიძლება, უნდოდეს სალომე ზურაბიშვილს, მაგრამ ჩვენ არ გვემეტება ქართველი ხალხი დასჯისთვის
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვერ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს, ეს შეიძლება, უნდოდეს სალომე ზურაბიშვილს, მაგრამ ჩვენ არ გვემეტება ქართველი ხალხი დასჯისთვის

სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი უერთდება იმ აგრესიულ კამპანიას, რომელსაც აწარმოებს რადიკალური ოპოზიცია, მათ შორის კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, რაც ძალიან სამწუხარო და დასანანია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, 10-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნისთვის იმეტებდნენ ქვეყანას და მოსახლეობას ის ადამიანები, რომლებიც ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.

„კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, რას გამოიწვევდა რუსეთისთვის სანქციების დაწესება. შარშანდელი მონაცემებით, ეს იქნებოდა, სულ მცირე, ეკონომიკის 10-პროცენტიანი ვარდნა, 10-დან 18 პროცენტამდე ეკონომიკის ვარდნა. ეს უნდათ ამ ადამიანებს საქართველოს სახელმწიფოსთვის და მოქალაქეებისთვის. 10-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნისთვის იმეტებდნენ ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას ის ადამიანები, რომლებიც ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. დღესაც, როდესაც კონკრეტული პირები ითხოვენ ამ სანქციების დაწესებას, იმავესთვის უნდათ მათ საკუთარი ქვეყნის და ხალხის გამეტება, რაც არის ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელი. ჩვენ ვერ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. ეს შეიძლება უნდოდეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ეს არის მისი არჩევანი, მაგრამ ჩვენ არ გვემეტება ქართველი ხალხი დასჯისთვის, სანქციებისთვის, მით უმეტეს, ასეთი მძიმე დასჯისთვის, რაზეც არის საუბარი“, – განაცხადა კობახიძემ.