ირაკლი კობახიძე - ჩვენ მივყვებით ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი პრიორიტეტია მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური წინსვლა, მივყვებით ამას და არა ვიღაცების გარე განცხადებებს
ირაკლი კობახიძე - ჩვენ მივყვებით ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი პრიორიტეტია მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური წინსვლა, მივყვებით ამას და არა ვიღაცების გარე განცხადებებს

ჩვენ მივყვებით საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი პრიორიტეტია მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური წინსვლა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჩვენ მივყვებით ამას და არა ვიღაცების გარე განცხადებებს, – ამის შესახებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას არ ჰქონია ომი.

„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დასდევს გარე განცხადებებს, ჩვენ არ დავსდევთ არცერთ განცხადებას, არც ამერიკულს, არც რუსულს, ჩვენ დავსდევთ იმას, რა არის საქართველოს ეროვნული ინტერესები. მინდა, შეგახსენოთ, შედეგები რა არის – შედეგი არის ის, რომ ჩვენ 12 წლისა და, მათ შორის, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შევინარჩუნეთ ჩვენი ქვეყნისთვის უწყვეტი მშვიდობა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას არ ჰქონია ომი. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური შედეგები. ამ ოთხი წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა. მაგალითად, მოლდოვას ამ წლების განმავლობაში გავასწარით დაახლოებით 9 მილიარდი დოლარით, ანუ საქართველოსა და მოლდოვას შორის სხვაობა გაიზარდა 9 მილიარდი დოლარით. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსა და მოლდოვას ბიუჯეტს შორის სხვაობა გაზიარდა 2 მილიარდ დოლარზე მეტით, მხოლოდ ამ რამდენიმე 3-4 წლის განმავლობაში. ეს არის ეკონომიკური მხარე. ეკონომიკა ნიშნავს, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაც თანდათანობით უმჯობესდება, ეს მოაქვს ღირსეულ პოლიტიკას, ღირსეული პოლიტიკის შედეგია მშვიდობის შენარჩუნება და უწყვეტ მშვიდობას მოაქვს ეკონომიკური წინსვლა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად. ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესები და თქვენ დასდევთ ხან რუსულ, ხან ამერიკულ, ხან ევროპულ განცხადებებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, 2012 წლამდე ქვეყანა იყო უმძიმეს მდგომარეობაში როგორც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.

„მილიონ 120 ათასი ადამიანი ცხოვრობდა მაშინ სიღარიბის ზღვარს მიღმა და მაშინ ცაში აჰყავდათ, მათ შორის, ამერიკელებს და ევროპელებს „ნაცმოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი. ჩვენ არ დავსდევთ ასეთ განცხადებებს, ჩვენ მივყვებით საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი პრიორიტეტია ამ ქვეყნის მშვიდობა, სტაბილურობა, ჩვენი პრიორიტეტია ეკონომიკური წინსვლა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჩვენ მივყვებით ამას და არა ვიღაცების გარე განცხადებებს. ეს განცხადება ხან იქნება სამართლიანი, ხან უსამართლო, ეს არ არის საინტერესო, საინტერესოა, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.