ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვსურს აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით, სადაც აისახება ორმხრივი სარგებელი როგორც აშშ-სთვის, ისე საქართველოსთვის
ჩვენ გავუგზავნეთ დონალდ ტრამპს როგორც ღია, ისე დახურული წერილები, რომლებშიც იყო საერთო სულისკვეთება სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლების შესახებ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ სტრატეგიულ პარტნიორობაში ასახული უნდა იყოს სარგებელი ორივე ქვეყნისთვის.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იქნება ჯანსაღი დამოკიდებულება, განახლდება სტრატეგიული პარტნიორობა ჯანსაღი ფორმით, ეს არის ჩვენი სურვილი, ველოდებით ამერიკულ მხარეს“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძეს კითხვა დაუსვეს, რომ ელჩ დანიგანის განცხადებით, დონალდ ტრამპთან სალანძღავი წერილი გაიგზავნა.
„ტყუილია. ელჩმა ასეთი რამ თუ თქვა, მოუტყუებია. მისგან, სამწუხაროდ, არაერთი ტყუილი გვახსოვს, როგორც წინა ელჩისგან. გვახსოვს არაერთი ტყუილი, უმძიმესი სიცრუეც ბევრ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ გამოვაქვეყნეთ საჯარო წერილიც და გავგზავნეთ დახურულიც. დახურული წერილი იმიტომ იყო დახურული, რომ უნდა ყოფილიყო დახურული. სხვა თემებზე იყო საუბარი, რაზეც ჩვენ საჯაროდ არ გვინდოდა საუბარი და ამიტომ იყო დახურული. რაც შეეხება საერთო სულისკვეთებას. ეს იყო ასახული დახურულ წერილშიც. საერთო სულისკვეთება არის, რომ ჩვენ გვინდა აშშ-თან სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება“, – განაცხადა პრემიერმა.