ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს მკაფიო პოლიტიკა, სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ არც სანქციების გვერდის ავლა მოხდება საქართველოში, ამაზე თავიდან ბოლომდე ვართ პასუხისმგებელი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს მკაფიო პოლიტიკა, სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ არც სანქციების გვერდის ავლა მოხდება საქართველოში, ამაზე თავიდან ბოლომდე ვართ პასუხისმგებელი

ჩვენ გვაქვს მკაფიო პოლიტიკა, სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ არც სანქციების გვერდის ავლა არ იქნება საქართველოში უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნის მიზანია, ქვეყანაში ვითარების დამძიმება და ამის საფუძველზე არეულობის მოწყობა.

„დიდი ხნის განმავლობაში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები, ასევე ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვერ ბედავდნენ სანქციების დაწესებაზე საუბარს. პირიქით, აცხადებდნენ, რომ მათი მოთხოვნა არ იყო რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ძალიან მარტივად განიმარტა, რას გამოიწვევდა საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ეს იქნებოდა მინუს 10-დან მინუს 18 პროცენტამდე ეკონომიკის ვარდნა, რაც არის სრული კატასტროფა ქართული ეკონომიკისთვის. ახლა დაიწყეს საუბარი, რომ საქართველომ თურმე უნდა დაუწესოს სანქციები რუსეთის ფედერაციას, რაც ნიშნავს საკუთარი ხალხის, ქართული საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს დასჯას. ეს არის მარტივი რეალობა. ასეთ პირობებში როდესაც ითხოვ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ამის უკან დგას ერთადერთი მიზანი. ეს არის ქვეყანაში ვითარების დამძიმება, ეკონომიკური პრობლემების შექმნა. ამაზე აქვთ გათვლა, ამის საფუძველზე უნდათ ქაოსის შექმნა, არეულობის მოწყობა. იმედი აქვთ, ეს მიგვიყვანს მეორე ფრონტამდე. თუმცა, მათი ეს მცდელობა კიდევ ერთხელ იქნება წარუმატებელი. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოლიტიკა, სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ არც სანქციების გვერდის ავლა არ იქნება საქართველოში უზრუნველყოფილი. ამაზე ვართ პასუხისმგებელი თავიდან ბოლომდე“, – განაცხადა კობახიძემ.