ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის მოთხოვნებს რომ გავყოლოდით, საქართველოში გარდაუვალი იყო უკრაინიზაციის სცენარი, 2024 წლის არჩევნებშიც ჩვენი გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის მოთხოვნებს რომ გავყოლოდით, საქართველოში გარდაუვალი იყო უკრაინიზაციის სცენარი, 2024 წლის არჩევნებშიც ჩვენი გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

ჩვენ რომ გავყოლოდით იმ მოთხოვნებს, რომლებსაც გვიყენებდა ოპოზიცია 2022 წლის დასაწყისიდან, საქართველოში გარდაუვალი იყო უკრაინიზაციის სცენარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება პრინციპულად მნიშვნელოვანია.

„მინდა, გავიხსენო ის პროცესები, რომლებიც გამოვიარეთ 2020 წლიდან და რა ელოდა ჩვენს ქვეყანას იმ შემთხვევაში, თუ ვერ ავიღებდით საპარლამენტო უმრავლესობას 2020 წელს ან თუ ვერ მივიღებდით ხმების 43 პროცენტს თვითმმართველობის არჩევნებში, რაც გამოიწვევდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ ავცდებოდით უკრაინის სცენარს; ჩვენ რომ გავყოლოდით იმ მოთხოვნებს, რომლებსაც გვიყენებდა ოპოზიცია 2022 წლის დასაწყისიდან, საქართველოში გარდაუვალი იყო უკრაინიზაციის სცენარი. შესაბამისად, ამ ჭრილში უნდა შევხედოთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური კონკურენცია, გასული სამი წლის განმავლობაში ვიბრძოდით რადიკალური ოპოზიციის წინააღმდეგ ქვეყნის გადასარჩენად. აქ საკითხი ეხებოდა ქვეყნის გადარჩენას, ანალოგიურად დგას საკითხი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც. ჩვენი მხრიდან ეს განაპირობებს ხანდახან ხისტ დამოკიდებულებას, რომელსაც ვავლენთ ხოლმე რადიკალური ოპოზიციის მიმართ. კიდევ ერთხელ, საქმე ეხება იმ ამოცანას, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, მისი წინსვლა, განვითარება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი გამარჯვება არის პრინციპულად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რათა ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება გაგრძელდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს ხალხის მხარდაჭერა, რაც ძირითადად ორი ფაქტორით არის განპირობებული.

„დღეს გვაქვს ძალიან კარგი პოზიციები, ჩვენი რეიტინგი არის დაახლოებით სამოც პროცენტამდე. გვაქვს მხარდაჭერა საზოგადოებისგან. სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, ეს მხარდაჭერა ძირითადად განპირობებულია ორი ფაქტორით. პირველი არის მშვიდობა. მიუხედავად ურთულესი ვითარებისა, რომელიც არის შექმნილი ჩვენი ქვეყნის გარშემო, მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება; მეორე არის ეკონომიკური პროგრესი, რომელიც გვქონდა ამ სამი წლის განმავლობაში. მთავარია, შევინარჩუნოთ მიღწეული და მეტად გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის პროგრესი. რა თქმა უნდა, მთავრობის საქმიანობა წელს, ისევე როგორც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ამ ყველაფერზე იქნება ორიენტირებული. მთავრობა წარმოდგენილია ღირსეული გუნდით. პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ის, რომ არსებითი ცვლილებების გარეშე იქნა წარმოდგენილი სამთავრობო გუნდი. ეს გუნდი შედგება ღირსეული ადამიანებისგან, პატრიოტებისგან, პროფესიონალებისგან. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ჩვენ, ყველა ერთად, შევძლებთ იმ საკითხების სწორად მოგვარებას, პრობლემების გადაჭრას, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშეა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.