ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის თემაზე გამართულ სამიტზე წარმოდგენილი იყო შუა აზიის ხუთი და სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყანა, არ იყო საქართველო, ევროკომისიას მიაჩნია, რომ მათ შორის საქართველო არის ყველაზე არადემოკრატიული, აქამდეა დასული

15:02, 10.12.2025

მძიმე ვითარებაა ევროპულ ბიუროკრატიაში და პოლიტიკურ წრეებში. მაგალითისთვის, ცოტა ხნის წინ, 2-3 თვის წინ გაიმართა ერთგვარი სამიტი დაკავშირებადობის, ტრანზიტის თემაზე და ამ შეკრებაზე იყო წარმოდგენილი შუა აზიის ხუთი ქვეყანა და სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყანა, არ იყო წარმოდგენილი მხოლოდ საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ევროკომისიის ეგიდით გამართულ შეხვედრაზე, რომელიც დაკავშირებადობას ეძღვნება, საქართველოს არმიწვევა არასერიოზული მიდგომაა.

„ევროკომისიის ეგიდით გაიმართა ეს შეკრება და ევროკომისიას მიაჩნია, რომ ამ რვა ქვეყანას შორის საქართველო არის ყველაზე არადემოკრატიული, რომ საქართველოს არ აქვს გასასვლელი ზღვაზე. შვიდი ქვეყანა მიიწვიეს უმაღლეს დონეზე და საქართველო – ელჩის დონეზე. სხვა სამიტიც გაიმართა, სადაც საქართველო საერთოდ არ იყო მიწვეული. არის რვა ქვეყანა და საქართველო მათ შორის იყო ყველაზე არადემოკრატიული, საქართველო იყო ერთადერთი, რომელსაც არ ჰქონდა ზღვაზე გასასვლელი და ვერ ეხმარებოდა სხვა ქვეყნებს ზღვასთან კავშირში. აქამდე არის დასული ევროკომისია. რაზე უნდა ელაპარაკო ასეთ ხალხს? მძიმე მდგომარეობაა. ამ რვა ქვეყანას შორის საქართველო აღმოჩნდა ყველაზე არადემოკრატიული და ყველაზე ანტიდასავლური. თავად განსაჯეთ, რაღაც სერიოზულობა ხომ უნდა ჰქონდეს ამ მიდგომას? მძიმე მდგომარეობაა ევროკავშირში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შეიცვლება ეს მძიმე მდგომარეობა. ნებისმიერ ქვეყანაში ან ნებისმიერ სტრუქტურაში შეიძლება მძიმე მდგომარეობა შეიცვალოს დადებითი მდგომარეობით. ჩვენ გვაქვს ეს ოპტიმიზმი. რვა ქვეყანაა, საკითხი ეხება დაკავშირებადობას. რვა ქვეყნიდან შვიდი არის ზღვასთან გასასვლელის არმქონე, ხუთი შუა აზიის ქვეყანა და ორი სამხრეთ კავკასიის. 7-დან არცერთს არ აქვს ზღვაზე გასასვლელი და მთავარი საკითხი არის ზღვაზე გასვლა. ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც აქვს ზღვაზე გასასვლელი ამ შვიდი ქვეყნისთვის და შვიდ ქვეყანას იწვევ, მერვეს – არა, ამ რვა ქვეყანას შორის საქართველო აღმოჩნდა ყველაზე არადემოკრატიული და ანტიდასავლური. ეს იმდენად არასერიოზულია, რომ, მე მგონი, საკუთარი დასკვნები უნდა გამოიტანოთ მიკერძოების მიუხედავად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი