ირაკლი კობახიძე – ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით პირველი განცხადება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე გააკეთა

12:45, 19.11.2018

ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით პირველი განცხადება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე გააკეთა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჭარბვალიანობის პრობლემის გადაჭრისკენ პირველ ნაბიჯს სჭირდებოდა, ბუნებრივია, რამდენიმეთვიანი დაგეგმვა. ეს მუშაობა დაიწყო რამდენიმე თვის წინ. როგორც მოგეხსენებათ, პირველი განცხადება ამის თაობაზე გააკეთა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე. მისი ერთ-ერთი პირველი განცხადება ეხებოდა სწორედ ჭარბვალიანობის პრობლემას, რაც არის სიღარიბის ერთ-ერთი მთავარი წყარო ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე.

მისივე თქმით, აღნიშნულ ინიციატივაზე ყურადღება გაამახვილა მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა, მთვარობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის წარმართვისას საქართველოს პარლამენტში.

„ახალი მთავრობა დამტკიცდა საქართველოში რამდენიმე თვის წინ. ჩვენ გვქონდა განხილვის პროცედურა პარლამენტში რამდენიმე თვის წინ და როდესაც პარლამენტი ნდობას უცხადებდა მთავრობის ახალ შემადგენლობას, ამ ნდობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი გახლდათ სწორედ ეს ინიციატივები. ამას, ბუნებრივია, სჭირდებოდა დრო. ჩვენი ამოცანა გახლდათ ამ ყველაფრის სრულყოფა წლის ბოლომდე, განხორციელება წლის ბოლომდე. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ის, რომ დღეს ხდება ამ ინიციატივების საზოგადოებისთვის გაცნობა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.

მსგავსი