ირაკლი კობახიძე - ჩალის ფასი აქვს რეზოლუციას, რომელიც ქართული დემოკრატიის მტრების, სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებისკენ მოგვიწოდებს და სანქცირებას ითხოვს ივანიშვილის, რომელმაც ხალხს დემოკრატია დაუბრუნა
ირაკლი კობახიძე - ჩალის ფასი აქვს რეზოლუციას, რომელიც ქართული დემოკრატიის მტრების, სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებისკენ მოგვიწოდებს და სანქცირებას ითხოვს ივანიშვილის, რომელმაც ხალხს დემოკრატია დაუბრუნა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩალის ფასი აქვს რეზოლუციას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ქართული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მტრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს და ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ქართველ ხალხს 2012 წელს დემოკრატია, მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი დაუბრუნა, ქართული დემოკრატიის ლამის მთავარ პრობლემად აცხადებს.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული დღევანდელი რეზოლუცია ამყარებს ცალკეული ექსპერტების ვარაუდს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გახმოვანებულ ვადაზე ადრე მოთხოვნის თემა საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა მოიგონეს, რათა საქართველოსთვის და ხელისუფლებისთვის ხელოვნური სირთულეები შეექმნათ.

„რეზოლუციას, რომელიც ქართული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მტრების – სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებისკენ მოგვიწოდებს და ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან დღეს სრულად არის დისტანცირებული და რომელმაც ქართველ ხალხს 2012 წელს დემოკრატია, მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი დაუბრუნა, ქართული დემოკრატიის ლამის მთავარ პრობლემად აცხადებს და მის სანქცირებას ითხოვს, არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან და ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს.

იმედი გვაქვს, როდესაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გავხდებით ევროკავშირის წევრი, იმ დროისთვის სხვაგვარი ევროპარლამენტი დაგვხვდება – „ფეიკის“ გავლენისგან დაცული და ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების დამცველი ევროპარლამენტი, რომელსაც საკუთარი ობიექტური ინტერესების მიხედვით სუვერენულად მოქმედება შეეძლება.

მტკიცებით ვერაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ დღევანდელი რეზოლუცია ამყარებს ცალკეული ექსპერტების მიერ გამოთქმულ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გახმოვანებულ ვადაზე ადრე მოთხოვნის თემა საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა მოიგონეს, რათა ჩვენი ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის ხელოვნური სირთულეები შეექმნათ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.