ირაკლი კობახიძე - ცალკეული ევროპარლამენტარები გრძნობენ პასუხისმგებლობას სააკაშვილის მიმართ, რადგან წაახალისეს მისი ჩამოსვლა, ვინც წაახალისა, იმან ინერვიულოს მის პატიმრობაზე
ირაკლი კობახიძე - ცალკეული ევროპარლამენტარები გრძნობენ პასუხისმგებლობას სააკაშვილის მიმართ, რადგან წაახალისეს მისი ჩამოსვლა, ვინც წაახალისა, იმან ინერვიულოს მის პატიმრობაზე

ცალკეული ევროპარლამენტარები გრძნობენ პასუხისმგებლობას სააკაშვილის მიმართ იმის გამო, რომ მათ წაახალისეს მისი ჩამოსვლა საქართველოში. ეს ჩვენი საქმე არ არის, ეს არის მათი პასუხისმგებლობის საქმე. ვინც წაახალისა მისი ჩამოსვლა, იმან ინერვიულოს სააკაშვილის პატიმრობაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ, მათ შორის ევროპარლამენტარებმა თავი უნდა შეიკავონ, საქართველოს მართლმსაჯულებაში პოლიტიზებული ჩარებისგან.

„ჩვენ გვაქვს ერთადერთი სანერვიულო, ეს არის სამართლის უზენაესობა, კანონის აღსრულება, რაც არის საქართველოში სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი  საფუძველი, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ქართულ მართლმსაჯულებაში პოლიტიზებული ჩარევისგან, მათ შორის ამისკენ მოვუწოდებთ ევროპარლამენტარებს. მათ პატივი უნდა სცენ ჩვენს სუვერენიტეტს, კანონის უზენაესობას და სახელმწიფოებრიობას. გლუკსმანი არის სააკაშვილის კორუფციული სქემის ერთ-ერთი ბენეფიციარი. ეს არის მისი მთავარი ნიშანი, ამიტომ არის ის დაინტერესებული. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მშვიდობას, სამართლის უზენაესობას, სამართლებრივ სახელმწიფოს. ეს არის ნომერ პირველი, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ. როცა ვიღაცები ამბობენ, მათ შორის ევროპარლამენტარები, ეს უნდა გაცვალოთ კანდიდატის სტატუსზე, ეს თავისთავად უკვე არის მიუღებელი და არის ქართულ მართლმსაჯულებაში პოლიტიზებული ჩარევის კიდევ ერთი მცდელობა, რაც მიუთითებს იმ კორუფციულ პრობლემებზე, რომლებიც გამოვლინდა რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტში“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა უნდა გაუფრთხილდეს ევროპარლამენტს, როგორც ინსტიტუტს.

„ყველას მოვუწოდებთ, გაუფრთხილდნენ ევროპარლამენტს, როგორც ინსტიტუტს და ნუ მიაყენებენ ჩრდილს მის რეპუტაციას. კონკრეტული ევროპარლამენტარები არიან პოლიტიკურად მოტივირებულები და ამის უკან რა დგას, საზოგადოებამ იმსჯელოს. მათი პოლიტიკური ინტერესი აიძულებს ამ ადამიანებს, რომ, ერთი მხრივ, მოითხოვონ დამნაშავე სააკაშვილის გათავისუფლება და მეორე მხრივ, მოითხოვონ ქველმოქმედი, მეცენატი ბიძინა ივანიშვილის დასჯა. ამას საზოგადოება უყურებს. ასეთი ევროპა არ არის ევროპა. ისინი უნდა გაუფრთხილდნენ იმ ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, რასაც ევროკავშირი ეფუძნებოდა ყოველთვის. ეს ათი კაცი არავითარი ფორმით არ განასახიერებს ევროპას, რადგან ევროპა არის ღირებულებები“, – განაცხადა  კობახიძემ.