ირაკლი კობახიძე - ბოლომდე უნდა იყოს დაცული ქვეყნის ეროვნული იდენტობა, მათ შორის, მართლმადიდებელი ეკლესია, თუ ჩვენთან ქრისტიანული კულტურა მოიშალა, საქართველოს ევროპულობიდან არაფერი დარჩება
ჩვენ გვჭირდება ნამდვილი, ჭეშმარიტი, კლასიკური ლიბერალური ღირებულებები ამ ქვეყანაში, რაც გულისხმობს თავისუფლების სათანადოდ გააზრებას, ეს არის ილია ჭავჭავაძის ლიბერალიზმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.
პრემიერის თქმით, გვჭირდება კლასიკური, ტრადიციული ღირებულებები ჩვენს ქვეყანაში.
„ფსევდოლიბერალიზმის მთავარი ხაზი რა არის – არ აძლევ სათანადო ცოდნას, ართმევ ღირებულებებს. ჩვენ გვჭირდება სისტემა, სადაც აძლევ სათანადო ცოდნას და ასევე ათვიცნობიერებ ღირებულებებში სტუდენტს, ახალგაზრდას. ეს არის მთავარი ამოცანა. არ ვიცი, მასშტაბი რა იქნება, მაგრამ მსგავსი იქნება აქაც წინააღმდეგობა, რაც ვიხილეთ იმავე გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ამაზე დგას ის სიმახინჯე, რასაც ჰქვია ფსევდოლიბერალიზმი ჩვენს ქვეყანაში. საბედნიეროდ, ფსევდოლიბერალური იდეოლოგია არ არის წარმატებული საქართველოში, საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ მიჰყვება ამ იდეოლოგიას, თუმცა ტენდენციები არის, რა თქმა უნდა, ძალიან საშიში. ჩვენ გვჭირდება ნამდვილი, ჭეშმარიტი, კლასიკური ლიბერალური ღირებულებები ამ ქვეყანაში, რაც გულისხმობს თავისუფლების სათანადოდ გააზრებას, ეს არის ილია ჭავჭავაძის ლიბერალიზმი და არა იმ ადამიანების, ვისზეც გვქონდა ახლა საუბარი.
ჩვენ გვჭირდება კლასიკური, ტრადიციული ღირებულებები ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვჭირდება იმის გააზრება, რომ უნდა იყოს ბოლომდე დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობა, მათ შორის, უნდა იყოს დაცული, რა თქმა უნდა, მართლმადიდებელი ეკლესია, ქრისტიანული ღირებულებები ჩვენს ქვეყანაში. თუ ჩვენთან ქრისტიანული კულტურა მოიშალა, საქართველოს ევროპულობიდან საერთოდ არაფერი დარჩება. ამიტომ ამაზე მაქსიმალური ზრუნვა გვმართებს.
შეუძლებელია, ტრადიციების პატივისცემა და ფსევდოლიბერალიზმი ერთმანეთთან დააბალანსო. თუ სადმეა შეუძლებელია ბალანსი, სწორედ არის ეს ორი მოვლენა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.