ირაკლი კობახიძე – ბლინკენის განცხადებაში საუბარია მშვიდობიან მომიტინგეებზე, როდესაც ვხვდებით ამ მასშტაბის სიყალბეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია
ამ მასშტაბის სიყალბეს როდესაც ვხვდებით ჩვენ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებაში, რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, ახალ ადმინისტრაციას მაქსიმალურად მძიმე მდგომარეობა დაუტოვოს მთლიანად რეგიონში.
„სრული სიყალბეა წარმოდგენილი ამ განცხადებაში. საუბარია მშვიდობიან მომიტინგეებზე და თქვენ ხედავდით, როგორი მშვიდობიანი იყო ის მიტინგები, რომლებიც ეწყობოდა საქართველოში. როდესაც ამ მასშტაბის სიყალბეს ვხვდებით ჩვენ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებაში, რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 20 იანვრის შემდეგ ასეთ სიყალბეს არცერთ ამერიკულ განცხადებაში ჩვენ არ შევხვდებით. ეს განცხადებაც არის ზუსტად ამ პროცესის გაგრძელება. მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, ახალ ადმინისტრაციას მაქსიმალურად მძიმე მდგომარეობა დაუტოვოს მთლიანად რეგიონში, ეს ეხება უკრაინას, საქართველოს, ეხება მთლიანად რეგიონს და ეს ყველაფერი ამის გაგრძელებაა“, – განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა: „ისინი, ვინც საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს ძირს უთხრიან, პასუხს აგებენ, აშშ ემზადება, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები“.