ირაკლი კობახიძე - ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბოლო წლებში შეიქმნა 700 ახალი საწარმო, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 1,5 მილიარდი ლარი ჩაიდება ბიუჯეტში ბიზნესის მხარდაჭერისთვის
ირაკლი კობახიძე - ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბოლო წლებში შეიქმნა 700 ახალი საწარმო, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 1,5 მილიარდი ლარი ჩაიდება ბიუჯეტში ბიზნესის მხარდაჭერისთვის

ბიზნესის მხარდაჭერა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის და 2012 წლიდან დაიწყო. ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბოლო წლებში შეიქმნა 700 ახალი საწარმო, 800 საწარმო გადაიარაღდა ან გაფართოვდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, ამ პროექტის განხორციელება გაგრძელდება და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 1,5 მილიარდი ლარი ჩაიდება ბიუჯეტში ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებისთვის. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მხოლოდ ამ ინიციატივების ფარგლებში 70 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს. ამოქმედდება სპეციალური საგადასახადო შეღავათები ამ სფეროში, 160 ახალი სტარტაპის მომზადება და დაფინანსება არის გათვალისწინებული ყოველწლიურად, 12 ათასი მსმენელის გადამზადება, ხელოვნური ინტელექტი, ფაგები, აგროტექნოლოგიები – ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული ინვესტიციები განხორციელდება. ჩვენ უკვე გავაკეთეთ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტის პრეზენტაცია, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია ჩვენი ქვეყნისა და ქალაქ ქუთაისისთვის. ამ პროექტის განხორციელებაც უზრუნველყოფს არაერთი მიმართულებით პროგრესს, ძალიან ბევრი სამუშაო ადგილის შექმნას, ხელს შეუწყობს ბიზნესისა და ტექნოლოგიების განვითარებას და ამ პროექტის განხორციელებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.