ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა

ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ჩატარდებოდა საპარლამენტო არჩევნები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეს არ იყო მყისიერი გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილი ამისთვის გუნდს ერთი წლის განმავლობაში ამზადებდა.

„მას ჰქონდა ნათქვამი, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მალევე, ყველა შემთხვევაში, რაც არ უნდა მომხდარიყო, მიდიოდა პოლიტიკიდან. ეს არ იყო მყისიერი და სწრაფად მიღებული გადაწყვეტილება. ეს იყო გადაწყვეტილება, რისთვისაც ის ჩვენ გვამზადებდა ერთი წლის განმავლობაში და ამაზე მუდმივად ჰქონდა საუბარი. გარდა იმისა, რომ ფსიქოლოგიურადაც ვიყავით მომზადებული ამ ფაქტისთვის, ჩვენ გუნდიც ისე დავალაგეთ, რომ ყველანაირი გამოწვევისთვის ვყოფილიყავით მზად. 17-18 თებერვალს ზუსტად ეს გამოჩნდა. 18 თებერვალს განსაკუთრებით. 18 თებერვალს ჩვენ მოვახერხეთ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მთლიანად შემოვატრიალეთ ის წამოწყებული სცენარი, რომელიც ჰქონდა „ნაცმოძრაობას“ და რომელშიც იყო შესაბამისი ფორმით ჩართული საკუთარი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.