ირაკლი კობახიძე ბექა ლილუაშვილს - 20 ივნისს გახარიას ისე რომ ემოქმედა, როგორც მოგვიანებით მოქმედებდა გომელაური, არ გახდებოდა საჭირო სროლა, ასეთი ადამიანი როცა გყავთ ლიდერი, შეკითხვას არ დავსვამდი 
ირაკლი კობახიძე ბექა ლილუაშვილს - 20 ივნისს გახარიას ისე რომ ემოქმედა, როგორც მოგვიანებით მოქმედებდა გომელაური, არ გახდებოდა საჭირო სროლა, ასეთი ადამიანი როცა გყავთ ლიდერი, შეკითხვას არ დავსვამდი 

სერიოზული პრობლემები გაქვთ, ამიტომ ნუ ეძებთ სხვის თვალში ბეწვს, როდესაც საკუთარი ბელადის თვალში დირეს ვერ პოულობთ, ეს არის ჩემი რჩევა, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს.

ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს უსმენენ, უპასუხა პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის კითხვას, რომ დაესახელებინა ერთი ფაქტი, რის გამოც იმსახურებდა ნდობას.

„ბექა ლილუაშვილმა იკითხა, შემიძლია თუ არა დავასახელო ერთი ფაქტი, რის გამოც ვიმსახურებ ნდობას. ცოტა გამიჭირდება ჩემს თავზე ვისაუბრო. მე ვახსენე, რაც გავაკეთეთ ჩემს გუნდთან ერთად, კონკრეტულად, პარლამენტში. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს უამრავი რამ აქვს გაკეთებული და მე ვარ ამ ყველაფრის თანამონაწილე, რითიც ვამაყობ. ეს არის უამრავი საქმე, რომელიც გაკეთდა ჩემი მონაწილეობით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გამიჭირდება დეტალურად ჩემს თავზე საუბარი, ეს უბრალოდ არ იქნება სწორი, მაგრამ მე იმ პარტიის წარმომადგენლისგან, თქვენს ადგილზე რომ ვიყო, არ დავსვამდი კითხვას, რომლის ლიდერსაც ძალიან ბევრი „საგმირო საქმე“ აქვს ჩადენილი – მარტივად ჩამოვთვლი, რაც აქვს ამ კაცს გაკეთებული: „ბასიანი“, პანკისი, რაც არის უმძიმესი ქმედებები, 20 ივნისის სროლა. აქ სროლაზე არ არის საუბარი, აქამდე მივიდა საქმე იმ ქმედებების გამო, რომელიც ამას წინ უძღოდა. ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, რატომ დააყენეს სპეცრაზმი ჭიშკრის წინ, რატომ არ გამოიყენეს წყლის ჭავლი და ა.შ. ეს ყველაფერი რომ მომხდარიყო და მაშინდელ შს მინისტრს სწორად ემოქმედა, როგორც მოგვიანებით მოქმედებდა ვახტანგ გომელაური ანალოგიურ შემთხვევებში, არ გახდებოდა საჭირო სროლა, რამაც გამოიწვია ჩვენი თანამოქალაქეების მძიმედ დაზიანება. ასეთი ადამიანი როცა გყავთ ლიდერი, მე თქვენს ადგილზე შეკითხვას არ დავსვამდი. ძალიან მძიმეა ამ ადამიანის წარსული“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, პრემიერმინისტრობის კანდიდატმა პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ოთხ მუნიციპალიტეტში შექმნილ კოალიციაზე ისაუბრა.

„არ დავსვამდი კითხვას, როცა ვარ იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელმაც ოთხ მუნიციპალიტეტში შექმნა კოალიცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ესეც თქვენი არჩევანია და მინდა, შეგახსენოთ, ამ ტრიბუნიდან თქვენი ლიდერი „ნაცმოძრაობას“ ჰპირდებოდა დამთავრებას, თუმცა ძალიან მალე მათთან ოთხ მუნიციპალიტეტში შექმნა კოალიცია. ეს არის მისი პრინციპულობა, ეს არის თქვენი პრინციპულობა. გაქვთ სერიოზული პრობლემები, ამიტომ ნუ ეძებთ სხვის თვალში ბეწვს, როდესაც საკუთარი ბელადის თვალში დირეს ვერ პოულობთ, ეს არის ჩემი რჩევა თქვენ მიმართ. რატომ გაქვთ თქვენ ორი პროცენტი და რატომ გვაქვს ჩვენ დაახლოებით 60 პროცენტი – რადგან ჩვენ ვაკეთებდით საქმეებს. რაც შეეხება თქვენს პოლიტიკურ პარტიას, ყველა პრინციპს უღალატეთ, მათ შორის იმას, რომ დღესაც ოთხ მუნიციპალიტეტში შექმნილი გაქვთ კოალიცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

რაც შეეხება პროგრამას, შტაბის უფროსი ვიყავი და ჩემი ხელმძღვანელობით დაიწერა ეს საარჩევნო პროგრამა, შესაბამისად, როდესაც გიორგი გახარია გახდა პრემიერი, მან ისარგებლა ამ პროგრამით, თუმცა ის იყო ლეგიტიმური პლაგიატი და ამასთან დაკავშირებით არავითარი შენიშვნა არ გვაქვს.

კოკაინზე დაისვა კითხვა და მინდა, შეგახსენოთ, გიორგი გახარიამ მაინცდამაინც ვენის ის კლინიკა შეარჩია ექსპერტიზისთვის, რომელიც წარსულში შემჩნეული იყო მანიპულაციებში. რატომ ეს კონკრეტული კლინიკა და არა სხვა რომელიმე, რადგან კონკრეტული ფაქტები არსებობდა ამ მანკიერ ქმედებებზე, რომელსაც თქვენი ლიდერი ჩადიოდა“, – განაცხადა კობახიძემ.