ირაკლი კობახიძე – აზერბაიჯანულ მხარესთან შეხვედრისას შევეხეთ საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხს, რომლის ნაწილია გარეჯის მონასტერიც და შესაბამისი ტერიტორია, შევთანხმდით, რომ დავაჩქარებთ პროცესებს
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე, ასევე ორმხრივ შეხვედრაზე ჩვენ შევეხეთ საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხს და ამის ნაწილია გარეჯის მონასტერიც და შესაბამისი ტერიტორია, — ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მხარეები საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ.
„როგორც კომისიის სხდომაზე, ისე ორმხრივ შეხვედრაზე ჩვენ შევეხეთ საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხს და ამის ნაწილია გარეჯის მონასტერიც და შესაბამისი ტერიტორია. ჩვენ გამოვთქვით იმედი, რომ ძალიან სწრაფი ტემპით გაგრძელდება მუშაობა საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზე. არანაირი ცვლილება არ გვაქვს გასული მრავალი წლის განმავლობაში საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით და ჩვენ გვჭირდება სწრაფი წინსვლა და ეს არის ჩვენი თხოვნა და მოწოდება აზერბაიჯანული მხარის მიმართ, რაზეც ძალიან მეგობრული პასუხი მივიღეთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ დავაჩქარებთ პროცესებს, რომელიც იქნება დაკავშირებული საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციასთან“, — განაცხადა პრემიერმა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მეგობრულ რეჟიმში უნდა იქნეს განხილული ის მონაკვეთები, რაზეც შეთანხმება არ არის მიღწეული და ასეთი მონაკვეთი დაახლოებით თხუთმეტია.
„მრავალი წელია, არ გვაქვს არავითარი ცვლილება, არავითარი პროგრესი საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით და სადაც არ გვქონდა პროგრესი, იქ გვინდა, რომ სწრაფ პროგრესს მივაღწიოთ ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად. მეგობრულ რეჟიმში უნდა განვიხილოთ თითოეული მონაკვეთი, რაზეც შეთანხმება არ არის მიღწეული. ასეთი არის დაახლოებით 15 მონაკვეთი და თხუთმეტივე მონაკვეთთან დაკავშირებით ძალიან აქტიურად უნდა ვიმუშაოთ. მთავარია, საკითხი პრინციპულად გადაიჭრას და ამისათვის არის არსებითი დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესის დასრულება, წინსვლა ამ მიმართულებით და სწორედ ამაზე გვქონდა დღეს საუბარი“, — განაცხადა კობახიძემ.