ირაკლი კობახიძე - ხარვეზები, რომლებიც მანიპულაციით ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობას ქმნის, აუცილებლად აღმოიფხვრება
ირაკლი კობახიძე - ხარვეზები, რომლებიც მანიპულაციით ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობას ქმნის, აუცილებლად აღმოიფხვრება

აუცილებლად აღმოიფხვრება ხარვეზები, რომლებიც მანიპულაციის გზით საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობას ქმნის და ამავდროულად, საქართველო დარჩება ღია უცხოელებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე თბილისის მერის, კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების მინიჭებაზე კანონმდებლობის გამკაცრებას ეხებოდა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკანონმდებლო ორგანო შესაბამის ცვლილებებს საშემოდგომო სესიაზე განიხილავს.

„მინდა, გამოვეხმაურო თბილისის მერის, კახი კალაძის დღევანდელ განცხადებას უცხოელებზე ბინადრობის ნებართვის გაცემის წესის რეგლამენტაციის შესახებ. ეს არის ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს. აუცილებლად აღმოიფხვრება ის ხარვეზები, რომლებიც მანიპულაციის გზით ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობას ქმნის. ამავდროულად, საქართველო დარჩება ღია უცხოელებისთვის, რომლებსაც სურთ, კანონმდებლობის დაცვით, ჩვენს ქვეყანაში იცხოვრონ და  საინვესტიციო საქმიანობა აწარმოონ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თბილისის მერი კახა კალაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების მინიჭებაზე კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვს. აღნიშნულ საკითხზე მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და პარლამენტის წევრებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს, რათა ახალი რეგულაციები დროულად დამტკიცდეს. საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გოჩა ენუქიძე და ილია წულაია არიან.