ირაკლი კობახიძე – აშშ-ში მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, ახალ ადმინისტრაციას მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს, დეკემბერი იყო დიდი რისკების შემცველი და ვერავის მივცემდით დაშანტაჟების საშუალებას
ეს ორი თვე, იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში იცვლება ადმინისტრაცია, იყო განსაკუთრებული რისკების შემცველი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, ახალ ადმინისტრაციას დაუტოვოს მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა ამ რეგიონში, განსაკუთრებით, რაც ხდება უკრაინაში.
„თქვენ ხედავთ, სამი წლის განმავლობაში რის უფლებასაც არ აძლევდნენ უკრაინას, ეს არის შორ დისტანციაზე რაკეტების გასროლა, უფლება მისცეს ახლა, რადგან უნდათ, ახალ ადმინისტრაციას დაუტოვონ მძიმე მემკვიდრეობა. ზუსტად იგივე რისკებია დაკავშირებული საქართველოსთან. ეს ორი თვე, დეკემბერი, იანვარი, იყო რისკებთან დაკავშირებული. დეკემბერი იყო ყველაზე დიდი რისკების შემცველი და დეკემბერში ვერავის მივცემდით ქვეყნის დაშანტაჟების საშუალებას.
თქვენ ხედავდით, რომ აქციები არ დაწყებულა ხუთი დღის წინ, აქციები გრძელდებოდა უწყვეტ რეჟიმში და რატომ, რა იყო ამის საფუძველი? არცერთი მთავრობა, არცერთი ხელისუფლება არ აკეთებდა განცხადებებს არჩევნებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირმა აღიარა არჩევნების ლეგიტიმურობა, არ კეთდებოდა განცხადებები და ამ ფონზე რადიკალური ოპოზიცია თბილისში აწყობდა პერმანენტულ აქციებს, კეტავდა ქუჩებს და ა.შ. შანტაჟი გრძელდებოდა.
ეს რესურსი ხომ მზადდებოდა, ეს პიროტექნიკა ხომ ერთ დღეში არ შეუძენიათ ამ ადამიანებს, ეს საშუალებები ხომ ერთ დღეში არ შეუძენიათ. ყველაფერი მზადდებოდა კონკრეტული თარიღისთვის. ეს იყო კონკრეტული სუბიექტების მიერ დაგროვილი პიროტექნიკა და არა მარტო პიროტექნიკა, კონკრეტული NGO-ები ყიდულობდნენ სხვა აღჭურვილობებს, არა პიროტექნიკას, არამედ სხვა აღჭურვილობებს. რისთვის აგროვებდნენ ამას, ე.ი. რაღაც იყო დაგეგმილი და რაღაც რომ იყო დაგეგმილი, იქიდანაც ჩანდა, რომ არცერთი ქვეყნიდან არ კეთდებოდა განცხადებები არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებასთან დაკავშირებით. ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა ჩვენი ქვეყნის მიმართ. ნაადრევად მოუწიათ ამ შემთხვევაშიც რესურსების განიავება და ყველამ დაინახა, რომ 20 იანვრამდე ვერავითარი „ნაცმაიდანი“ ვერ შედგება და მერე უკვე გადაიტვირთება ურთიერთობები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.