ირაკლი კობახიძე - აშშ-ს სჭირდება დეოლიგარქიზაცია, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია და ამაში გვაქვს სრული თანხვედრა ტრამპთან, ისიც მიიჩნევს, რომ აშშ-ს სჭირდება გათავისუფლება არაფორმალური გავლენებისგან
აშშ-ს სჭირდება დეოლიგარქიზაცია, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და ამაში ჩვენ გვაქვს სრული თანხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან. ისიც მიიჩნევს, რომ აშშ-ს სჭირდება გათავისუფლება არაფორმალური გავლენებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ძალიან ხშირად საუბრობს ე.წ. დიფ სთეითზე, რომელიც, მისი განცხადებით, არსებით გავლენას ახდენს მართვაზე აშშ-ში.
„ცოტა ხნის წინ გავრცელდა ჯეფრი საქსის ინტერვიუ, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაცია დაადანაშაულა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში, ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება. ვახტანგ გომელაურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა წარმომადგენლების სანქცირებას შეგვიძლია, მივცეთ გარკვეული შეფასება და ეს ფაქტი შეიძლება, ობიექტურად იქნას აღქმული, როგორც მოქმედი ადმინისტრაციის ერთგვარი აღიარება. იცით, რომ არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ძალიან ხშირად საუბრობს ე.წ. დიფ სთეითზე, რომელიც, მისი განცხადებით, არსებით გავლენას ახდენს მართვაზე აშშ-ში. მაგალითად, დონალდ ტრამპმა მასზე ტერაქტის განხორციელებამდე ერთი თვით ადრე გააკეთა სერიოზული განცხადება ე.წ. დიფ სთეითთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ „დიფ სთეითი“ დაანგრევს ამერიკის შეერთებულ შტატებს ან ამერიკის შეერთებული შტატები დაანგრევს, მოშლის „დიფ სთეითს“. მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში „დიფ სთეითი“ ანგრევდა აშშ-ს და სწორედ ამის შედეგია ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომლებსაც ასე ხშირად ვისმენთ ამერიკული სტრუქტურებიდან. აშშ-ს სჭირდება დეოლიგარქიზაცია, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და ამაში გვაქვს სრული თანხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან, ისიც მიიჩნევს, რომ აშშ-ს სჭირდება გათავისუფლება არაფორმალური გავლენებისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.