ირაკლი კობახიძე აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობს [ვიდეო]
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში იმყოფება, სადაც აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება იმართება.
ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობენ მთავრობის წევრები, დეპუტატები, პოლიტიკოსები, თბილისის მერი კახა კალაძე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, სტუმრები საპატრიარქოდან.
სტუმრებს სიტყვით მიმართა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა და მათ მადლობა გადაუხადა.
„მოგესალმებით, პრემიერ-მინისტრო, მინისტრებო, ელჩებო, პატივცემულო სტუმრებო, მეგობრებო, დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა. მადლობას გიხდით, რომ ჩვენთან ერთად აღნიშნავთ ამერიკის შეერთებული შტატების 250-ე საიუბილეო წელს. ზუსტად 250 წლის წინ, კონტინენტურმა კონგრესმა, რომელიც ფილადელფიაში ომისა და გაურკვევლობის ჟამს, ზაფხულში შეიკრიბა, მიიღო დამოუკიდებლობის დეკლარაცია. მასში დეტალურად იყო ჩამოყალიბებული ამერიკის დამოუკიდებლობის საფუძვლები და ამერიკული ხედვა იმის შესახებ, რა წარმოადგენს მმართველობის მართებულ ფორმას. დეკლარაციის სიტყვებით რომ ვთქვათ: „ჩვენთვის თავისთავად ცხადია ის ჭეშმარიტება, რომ ადამიანები შექმნილი არიან, როგორც თანასწორნი, რომ მათ ღმერთმა მიანიჭა გარკვეული ხელშეუვალი უფლებები, როგორიცაა სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა““, – განაცხადა ალან პერსელმა.