ირაკლი კობახიძე – აშკარა მცდელობაა, აღდგეს „ნაცმოძრაობის“ თუნდაც მცირედი გავლენა სასამართლო ხელისუფლებაზე, სამწუხაროა, რომ სხვადასხვა სუბიექტი არის ჩართული ამ მცდელობაში
ზოგადად, აშკარა მცდელობაა, აღდგეს „ნაცმოძრაობის“ თუნდაც მცირედი გავლენა სასამართლო ხელისუფლებაზე. სამწუხაროა, რომ, ნებსით თუ უნებლიეთ, სხვადასხვა სუბიექტი არის ჩართული ამ მცდელობაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, USAID-ის პროექტის, „პროლოგის“ მცდელობა, სასამართლო სისტემაზე საელჩოსა და „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური გავლენა აღადგინონ, საზოგადოებამ სათანადოდ უნდა შეაფასოს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათ შორის პარლამენტში ხშირად შედის ისეთი ინიციატივები, რომელთა მიზანია „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური გავლენის აღდგენა სასამართლო ხელისუფლებაზე.
„არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი, მაგრამ ხშირად შემოდის ხოლმე, მათ შორის პარლამენტში, ისეთი ინიციატივები, რომელთა პირდაპირი მიზანია „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური გავლენის აღდგენა სასამართლო ხელისუფლებაზე. მაგალითად, სწორედ ამას ემსახურება კვალიფიციური უმრავლესობის წესი, რომელიც სხვადასხვა სუბიექტის მიერ არის შემოთავაზებული. ხშირად გვესმის ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით, რაც ითვალისწინებს სასამართლოს წმენდას, ახალი კადრების შემოყვანას, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ ჩართულობით. რა თქმა უნდა, ასეთი ინიციატივები ჩვენთვის რადიკალურად მიუღებელია და ასეთ ინიციატივებს, ბუნებრივია, ვერც წარსულში ვიზიარებდით და ვერც მომავალში გავიზიარებთ.
ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს, რა შედეგამდე მიიყვანა ქვეყანა, როდესაც „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა კონტროლი სასამართლო ხელისუფლებაზე, გავლენა სასამართლოსთან დაკავშირებით საკადრო გადაწყვეტილებებზე. არ გვინდა, ის პრაქტიკა გავიმეოროთ, რადგან ამისი შედეგები იყო ის, რომ 2012 წლამდე სასამართლო ხელისუფლება იყო ქცეული რეპრესიული მანქანის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად. საქართველოში ეს პრაქტიკა არასდროს აღარ უნდა აღდგეს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.